ნარკოპოლიტიკა

რას ნიშნავს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება და რა რჩება კვლავ სამართალდარღვევად

"მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას"- წერია ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. 

დღემდე საქართველოში მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მუხლი გააუქმა, შედეგად მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა. ანუ, თუ მოხმარების დროს პოლიციამ დაგინახათ ან ტესტირებამ თქვენს ორგანიზმში მარიხუანა აღმოაჩინა, თქვენ ჯარიმა აღარ დაგეკისრებათ.

რა რჩება აკრძალული?

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია არ ნიშნავს ამ პროდუქტის სრულ ლეგალიზებას. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომელიც მძიმე სანქციებს ითვალისწინებენ.

გასაღება:

მარიხუანას რეალიზაცია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით იკრძალება. ამ მუხლის მიხედვით, მარიხუანას უკანონო გასაღება ისჯება სამიდან რვა წლამდე პატიმრობით. თუ ეს ხდება დიდი ოდენობით (70 გრამი გამომშრალი, 140 გრამი ნედლი), ან ჯგუფურად, ან არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მაშინ მაქსიმალური სანქცია 9 წელია. განსაკუთრებით დიდი ოდენობის გასაღების შემთხვევაში (500 გრამი გამომშრალი, 1 კგ ნედლი) მაქსიმალური სანქცია 10 წელია. 

ამასთანავე, გასაღების აქტი დამდგარად შეიძლება ჩაითვალოს მაშინაც, თუ ეს უფასოდ ხდება. გასაღების მუხლი არ შეიცავს განმარტებას მისი მინიმალური მოცულობის შესახებ. ეს ნიშნავს რომ გასაღებად შეიძლება ერთი "ჯოინთის" მეგობრისთვის შეთავაზებაც კვალიფიცირდეს.

შეძენა:

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბექა წიქარიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, 70 გრამამდე მოცულობის გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაზე სასჯელი გაუქმებულია. 

იურისტ გიორგი ჩიტიძის განმარტებით, არსებული მდგომარეობა საკანონმდებლო ხარვეზს შეიცავს, რადგანაც სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლისთვის, რომელიც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ფლობას კრძალავდა მხოლოდ სასჯელი გაუქმდა, ხოლო თავად მუხლი არსებობს. ანუ შესაძლებელია ნასამართლევად გცნონ, ხოლო სასჯელი კი ვერ მოგისაჯონ.

ამასთანავე, ნედლი სახით მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის გაუქმდა საპატიმრო სასჯელი. ამ ქმედებას არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ კრძალავს. 

ზუსტად ასეთივე საკანონმდებლო ხარვეზია ნედლი სახით 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას შენახვის შემთხვევაშიც. შესაძლებელია ნასამართლევად გცნონ, მაგრამ სასჯელი ვერ მოგისაჯონ, რადგანაც საკონსტუტუციო სასამართლომ ის გააუქმა. 

კულტივირებისთვის:

მარიხუანას მცირე რაოდენობით კულტივირებისთვის, რაც კანონმდებლობის მიხედვით 10 გრამს შეადგენს, კვლავ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ეს ქმედება სანქციად 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებულია საპატიმრო სასჯელი 151 გრამამდე მარიხუანას კულტივაციაზე, თუმცა აქაც ისეთივე საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს როგორიც 70 გრამამდე მშრალი მარიხუანას შემთხვევაშია, როდესაც ამ ქმედებისთვის შესაძლოა ნასამართლევად გცნონ, მაგრამ სასჯელი ვერ მოგისაჯონ.

საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორის იაგო ხვიჩიას მოსაზრება:

"სასამართლომ ეს ნორმა გააუქმა შემდეგი არგუმენტით, რომ ეს არის ადამიანის თავისუფალი განვითარების ფუნდამენტური უფლების შემადგენელი ნაწილი. თუ ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებაა მარიხუანას მოხმარება, მაშინ ნებისმიერი რამ რაც ამას უკავშირდება, რაც მოხმარების მიზანთან არის კავშირში, ნებისმიერი მსგავსი ამბავი არის ამ უფლების ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას ასე ვერ განავრცობდა, რადგან ის არ არის პარლამენტი. პარლამენტმა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს კანონმდებლობა ამ გადაწყვეტილებასთან. პარლამენტმა უნდა განსაზღვროს რა მოცულობაა პირადი მოხმარება, როგორი უნდა იყოს კანონმდებლობის მიმართება არასრულწლოვნებთან და ასე შემდეგ. 

მოხმარების ლეგალურობა ნებისმიერ ჩანაწერს მოცულობებთან დაკავშირებით უცვლის შინაარსს, ფაქტობრივად, მოხმარების მიზნით სენახვა სრულად გამოსულია კანონდარღვევის სფეროდან. ხოლო როდესაც მოხმარება ლეგალურია, მისი ჩამორთმევა არის საკუთრების ხელყოფა,"- ამბობს ხვიჩია. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრება - როდის შეიძლება მოხმარება შეიზღუდოს

იმის მიუხედავად, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით ის ზოგიერთ შემთხვევაში მაინც შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. ანუ მაშინ, როდესაც მოხმარება მესამე პირთათვის საფრთხის შემცველ ქმედებას წარმოადგენს. 

"სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ."- წერია გადაწყვეტილებაში.

იმის გამო რომ დღეს არსებული კანონმდებლობა მარიხუანას მოხმარებას მისი ადგილისდა მიუხედავად დასჯადად აცხადებდა, შესაბამისი ნორმები უბრალოდ არ არსებობს. პარლამენტმა ახლა კანონმდებლობა უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში ამ გადაწყვეტილებასთან, რადგანაც პირობითად მივიღეთ მდგომარეობა, რომ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება არ შეიძლება ხოლო მარიხუანას მოწევა კი ნებადართულია. ამასთანავე, არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც მარიხუანას მოხმარება არ იქნება ნებადართული, მაგალითად ავტომობილის მართვის დროს და სხვა. 

კომენტარები