სავალუტო აუქციონი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $17.5 მილიონი შეისყიდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა $17.5 მილიონი შეისყიდა. სებ-მა ერთი დოლარი 2.448 ლარად იყიდა. ეს 2018 წლის რიგით მეშვიდე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში ეროვნულმა ბანკმა $87.5 მილიონი შეისყიდა. 

სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2018 წლის აპრილში თქვა, უცხოური ვალუტის შესყიდვის მთავარი მიზეზი საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსებაა, რომელმაც გასულ წლებში ვარდნა განიცადა. გვენეტაძის თქმით, ინტერვენციები მოხდება ისე, რომ ლარის გაცვლითი კურსის მიმართულება უცვლელი დარჩეს.

"ეროვნული ბანკი ასეთ ინტერვენციას აუცილებლად განახორციელებს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეივსოს. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური და საჭიროა მათი ზრდა,"- ამბობს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვები 30 ივნისის მდგომარეობით $3 მილიარდს შეადგენს.  საქართველომ სავალუტო კრიზისის გამო რეზერვების გარკვეული ნაწილი დაკარგა. 2013 წლამდე არსებულ დონეს რეზერვები მხოლოდ 2017 წლის ბოლოს დაუბრუნდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $2 მილიარდია. სავალუტო რეზრვების ზრდა ქვეყნის ფინანსურ დამოუკიდებლობასა და მის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომაც მათი დონის 3 თვის იმპორტზე მაღლა შენარჩუნებაა სასურველი.

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2017 წელს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა.

კომენტარები