2008 წლის აგვისტოს ომი

მედვედევი საქართველოს NATO-ში შესვლის შემთხვევაში "საშინელი კონფლიქტით" ემუქრება

TACC

მედვედევი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში "საშინელი კონფლიქტით" ემუქრება

რუსეთის პრემიერმინისტრი, დმიტრი მედვედევი NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს კატასტროფული შედეგებით ემუქრება. 

"ამან შეიძლება საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ეს რა საჭიროა", - თქვა მედვედევმა TASS-ის რადიო კომერსანტთან ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტიც ეთერში დღეს გავიდა.  

მედვედევმა ასევე თქვა, რომ "2008 წლის საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობდა, თავიდან აცილება შესაძლებელი იყო" და რომ "ამის აუცილებლობა არ არსებობდა". 

2018 წლის 12 ივლისს NATO-ს ბრიუსელის სამიტზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. 

10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც აპრილში ბუქარესტში ნატოს სამიტი გაიმართა და პირველად ითქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. 

ვითარება აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა და 7 აგვისტოს გამწვავდა, როდესაც საქართველოს საზღვარზე როკის გვირაბისა და ფსოუს მდინარის გავლით, 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის იერიშის შემდგომ უკან დაიხიეს.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

15 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება გაფორმდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რუსი საჯარისო ნაწილები მათი ომამდე დისლოკაციის ადგილს უნდა დაბრუნებოდნენ, თუმცა რუსეთი ამ შეთანხმებას დღემდე არღვევს და საქართველოს მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს. 

კომენტარები