მერიის ავტოპარკი

თბილისის მერიის 42-მა მანქანამ ტექდათვალიერება ვერ გაიარა და ავტოპარკიდან ამოიღებენ

Sazogadoeba.Ge

თბილსიის მერიის 42-მა მანქანამ ტექდათვალიერება ვერ გაიარა, თბილისის მერის დავალებით, ეს მანქანები ავტოპარკიდან ამოიღეს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მანქანებს ავტოპარკიდან უახლოეს პერიოდში ამოიღებენ და მუნიციპალიტეტი მათ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით ჩაანაცვლებს. 

„როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ აღნიშნული პროცესი მყისიერად დაიწყო. ჩემი დავალებით, ყველა ავტომობილის შემოწმება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, მერიის კუთვნილი 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც გავნაცხადეთ, ეს სატრანსპორტო საშუალებები მერიის ავტოპარკიდან ამოღებული იქნება“, - თქვა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქალაქში ეკოლოგიის თვალსაზრისით, პრობლემას მსუბუქი ავტომობილებიც ქმნიან. კალაძე ამბობს, რომ ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.

„სწორედ ასეთი ავტომობილები აბინძურებენ გარემოს. ის ტენდენცია, რომ მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ქმნიან პრობლემებს, ამას ნამდვილად არ ვეთანხმები. ყვითელი ავტობუსები იმ პრობლემის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება და აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. პრობლემას ქმნიან ასევე, პატარა ავტომობილები. ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. აქედან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია და მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც დაიწყო და პირველი იანვრიდან კერძო ავტომობილების მესაკუთრეებისთვისაც სავალდებულო გახდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს“, - თქვა კახა კალაძემ.

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება აღდგა. ჯერ-ჯერობით ავტომობილის შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე არ ვრცელდება, მას ახლა მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, 3.5 ტონაზე მძიმე ტრანსპორტი და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილები გადიან. 2019 წლიდან შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე გავრცელდება. 

კომენტარები