ლარის გაუფასურება

საქართველოს მთავრობა ლარის ვარდნას ლირას და რუბლის ვარდნას უკავშირებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

10 აგვისტოს ლარი დოლართან მიმართებით 6.5 თეთრით გაუფასურდა, ერთი დოლარი ახლა 2.53 ლარი ღირს. საქართველოს მთავრობა ამ გაუფასურებას თურქული ლირას ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურებასა და რუსული რუბლის ვარდნას უკავშირებს. დღეს დოლარის ღირებულებამ 2.50 ლარის ბარიერს იანვრის შემდეგ პირველად გადააჭარბა. 

თურქულ ბაზარზე პანიკური ვაჭრობაა, ამჟამად ერთი დოლარი 6.48 ლირა ღირს, ეს დღეს დილით, არსებულ კურსს 5.55-ს, 16.5%-ით აღემატება. კვირის დასაწყისში კი ერთი დოლარი 5 ლირა ღირდა. 

ლირას გაუფასურება ანკარასა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური დაძაბულობას უკავშირდება. დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრონსონის გათავისუფლებას ითხოვს. ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, ამან თურქეთის ეკონომიკისადმი საერთაშორისო ინვესტორთა ნდობა მნიშვნელოვნად შეარყია. 

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა და ლირას გაუფასურება შეაფასა თუქრეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, "არ დაგავიწყდეთ, რომ თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი."

ერდოღანი ლირას ვარდნის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეწინააღმდეგება. მას სურს, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბალ ნიშნულზე დარჩეს, რათა ამით ეკონომიკური ზრდა წახალისდეს. თუმცა, აღნიშნული მიმართულება დიდ რისკებს შეიცავს, რაც მომავალში გაზრდილ ინფლაციაში შეიძლება აისახოს. თურქეთში ინფლაცია ისედაც გაზრდილია, ივლისში ფასების ზრდა 16%-ს შეადგენდა.

გაცილებით დაბალია რუსული რუბლის გაუფასურება, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ერთი დოლარის ღირებულება 63 რუბლიდან 67 რუბლამდე გაიზარდა. 

"აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურება, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოზე ნაკლებად იქონიებს გავლენას. ამავე დროს საქართველოში ინფლაცია დაბალია და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან არის შესაბამისობაში. ასევე, საქართველოში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი აჭარბებს თურქეთში პროდუქტიულობის ზრდის ტემპს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ამდენად, ლირის გაუფასურებას შეიძლება ჰქონდეს ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა,"- წერია ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებაში, რომელსაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მთავრობის განცხადებით, ლარის დღევანდელი გაუფასურების მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ვალუტა რეგიონის (თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის) ქვეყნების ვალუტებთან მიმართებით, წინა წელთან შედარებით 8%-ით არის გამყარებული.

ლარის კურსზე მოქმედი ძირითადი ეკონომიკური ფაქტორები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია:

  • 2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 28.5% გაიზარდა;
  • ზრდით ხასიათდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, რომელიც იანვარ-ივნისში 24.4 პროცენტით (266.8 მილიონი აშშ. დოლარით) გაიზარდა;
  • 2018 წლის იანვარ-ივნისში წმინდა ფულადი გზავნილები 19.1%-ით (101.8 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა და $634.4 მილიონი შეადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები