ლარის გაუფასურება

ქობულია: ლარის მერყეობა ჩვენი უსაფრთხოების ბალიშია

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, საგარეო შოკების საპასუხოდ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა არის ის უსაფრთხოების ბალიში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას იცავს. 

"ლარის კურსი მერყეობს, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან ისეთი ქვეყნები, როგორიც არის თურქეთი. თუ პარტნიორ ქვეყანაში, რომელთანაც ძირითადი ვაჭრობა ხდება, უფასურდება ვალუტა, ეს ზემოქმედებს ჩვენს ვალუტაზე.

ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია თურქული ლირის დაცემას,"- ამბობს ქობულია.

მინისტრის თქმით, თურქული ლირის კურსის გაუფასურებას მისი საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა მოჰყვებოდა, რაც საქართველოს მხრიდან კურსის უცვლელად შენარჩუნების პირობებში თურქულ იმპორტს გაზრდიდა, ამასთანავე შეამცირებდა ქართული ეკონომიკის საექსპორტო პოტენციალს. 

"ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს თავისთავად. თუ ლირა ასე გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით, რაც არ გვაწყობს და ჩვენი საქონელი, რომელსაც ვაწარმოებთ, ვეღარ ვაწარმოებთ, რადგან გაძვირდება და ჩვენ ხომ არ გვინდა ეს?! ჩვენ ეროვნულ ბანკთანაც ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მათ პოლიტიკას და მათ საქმიანობას,"- ამბობს ქობულია. 

მსოფლისო ვალუტებს შორის თურქული ლირის ვარდნაზე ყველაზე მკვეთრი რეაქცია ლარს ჰქონდა. ლარის მკვეთრი გაუფასურება 10 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ლირამ მორიგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2018 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ს მიაღწევს. ბანკი აქამდე წლის ბოლოსთვის 2.60-იან კურსს პროგნოზირებდა, თუმცა ლირას ვარდნის საპასუხოდ ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო პროგნოზი 2.70-მდე გაზარდა. 

კომენტარები