თამბაქო

ბრიტანეთის პარლამენტი ელექტროსიგარეტს თამბაქოსთან ბრძოლის იარაღად განიხილავს

0 კომენტარი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი თამბაქოსთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაში მთავრობას მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის მიერ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ელექტროსიგარეტების თამბაქოს ანალოგიურად რეგულირებით, სახელმწიფო ხელიდან უშვებს შესაძლებლობას მოსახლეობის თამბაქოზე დამოკიდებულება ჩაანაცვლოს ისეთი ალტერნატივით, რომლის ზიანიც ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით დაახლოებით 95%-ით ნაკლებია.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტროსიგარეტების მიმართ არსებული რეგულაციური ბაზა არ უნდა იყოს თამბაქოს ნაწარმის ანალოგიური, რადგან ამ ტიპის პროდუქტის ზედმეტი რეგულირებით, სახელმწიფომ შესაძლოა ხელიდან გაუშვას შესაძლებლობა ნაკლებ ზიანზე დამყარებული პოლიტიკით შეამციროს თამბაქოს მოხმარება.

ინგლისის პარლამენტი დაეყრდნო სახელმწიფოს და დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრების მიერ ჩატარებულ კვლევებს. მათ შორის, შოტლანდიის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ცენტრის (NHS Scotland), ედინბურგის სამეფო კოლეჯის სამედიცინო ინსტიტუტის, დიდი ბრიტანეთის თამბაქოსა და ალკოჰოლის კვლევების ეროვნული ცენტრის და სხვა ორგანიზაციების შეფასებებს. მათ საფუძველზე, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტი წერს:

"კომიტეტის წევრებმა მოვისმინეთ, რომ ელექტრონული სიგარეტები ჩვეულებრივ სიგარეტებთან შედარებით დაახლოებით 95%-ით ნაკლებად საზიანოა. ამასთანავე, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსაზრება რომ ელექტროსიგარეტი ახალგაზრდებისთვის წარმოადგენს ე.წ. "კარიბჭის" პროდუქტს და მისი მომხმარებლები შემდგომში ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებაზე გადადიან არ დასტურდება. ელექტროსიგარეტის მეორადი კვამლის ზემოქმედებაც გარშემო მყოფი პირებისადმი გაცილებით ნაკლებად საზიანოა ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით. შესაბამისად, ვასკვნით რომ სახელმწიფო უმეტეს შემთხვევაში ყურადღების მიღმა ტოვებს ელექტროსიგარეტებს და მათ თამბაქოს მოხმარების შემცირების იარაღად არ განიხილავს.

დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 2.9 მილიონი ადამიანი მოიხმარს ელექტროსიგარეტს, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით 470,000 ადამიანი მას იყენებს თამბაქოსთვის თავის დანებების მიზნით. შედეგად, ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ამბობს უარს სიგარეტზე.

მეტი თავისუფლება რეკლამირებისთვის

კომიტეტი პარლამენტს მოუწოდებს, შეიმუშავოს რისკებზე დაფუძნებული რეგულაცია, რათა ელექტროსიგარეტის მწარმოებლებს შეეძლოთ ამ პროდუქტის იმგვარი რეკლამირება, რომ მოსახლეობისთვის ცხადი იყოს, რომ ეს ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით უფრო უსაფრთხო ალტერნატივაა. ამასთანავე სასურველია არსებობდეს საგადასახადო ინიციატივები, რაც უფრო დაბალი დონის გადასახადებში უნდა აისახოს, რათა თამბაქოს მომხმარებლებისთვის შედარებით უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა უფრო ხელმისაწვდომი იყოს.
ამასთანავე, სასურველია მომავალში გაიმართოს მსჯელობა, რომ ელექტროსიგარეტის მოხმარება დასაშვები გახდეს საჯარო სივრცეებში, შეიცვალოს ლიმიტები ელექტროსიგარეტის კონტეინერის ზომის შესახებ და დასაშვები გახდეს მისი გამოყენება თამბაქოს ბრძოლის თერაპიისთვის.

გრძელვადიანი კვლევის მნიშვნელობა

კომიტეტს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო მაღალ რისკს წარმოადგენს მწეველთა მიერ სტანდარტული თამბაქოს ნაწარმის მოხმარების გაგრძელება, ვიდრე მის ალტერნატივებზე გადასვლა, იმის მიუხედავად, რომ ელექტროსიგარეტის მოხმარების გრძელვადიანი ეფექტები ჯერ სრულად დადგენილი არაა.
პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლისთვის შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს დაავალოს ელექტროსიგარეტებისა და HNB პროდუქტების გრძელვადიანი ეფექტების სიღრმისეული შესწავლა"- წერია დასკვნაში.

პარლამენტის მიერ გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია რეკლამირებასთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებს ეხება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თამბაქოს და თამბაქოს მსგავსი ნაწარმის რეკლამირებისას აკრძალულია ისეთი მინიშნების გაკეთება რომ აღნიშნული პროდუქტი ნაკლებად საზიანოა. ეს აკრძალვა ელექტროსიგარეტის მწარმოებლებს არ აძლევს საშუალებას მარკეტინგისას გამოიყენონ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები ამ პროდუქტის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ.

2018 წლის 6 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ (Public Health England) გამოაქვეყნა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შემუშავებული შეფასება თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებთან მიმართებით. ანგარიშში ვკითხულობთ:

  • ათიათასობით მწეველი არასწორად ფიქრობს, რომ ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი;
  • საზოგადოებაში ნიკოტინთან დაკავშირებით მცდარი შეხედულებაა გავრცელებული. სრულწლოვანთა 10%-ზე ნაკლებმა იცის, რომ თამბაქოს პროდუქტებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის უმთავრესი რისკები ნიკოტინს არ უაკვშირდება;

ჯანდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ სახელმწიფომ თამბაქოს ეპიდემიის შედეგად გამოწვეული ზიანის შესამცირებლად უნდა გაატაროს პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებას ტრადიციული სიგარეტის უფრო უსაფრთხო ალტერნატივებს შესთავაზებს.

Brext-ი და თამბაქოს პოლიტიკა

ამჟამად დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ეროვნული კანონმდებლობა კვლავ ევროკავშირის მიერ 2014 წლის 19 მაისს მიღებული ევროდირექტივით რეგულირდება. ევროდირექტივა მართალია ელექტროსიგარეტებსა და არამოსაწევ თამბაქოს პროდუქტებს ჩვეულებრივი სიგარეტისგან განსხვავებულ რეგულაციებს უწესებს, მაგრამ ის მაინც ითვალისწინებს ამ პროდუქტის რეკლამირებისას გარკვეულ შეზღუდვებს. დიდი ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, ევროდირექტივისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს.

რამდენად გავრცელებულია ბრიტანეთში თამბაქოს მოხმარება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 21.6%-ი მოიხმარს თამბაქოს. ეს ევროკავშირის საშუალოსთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. თამბაქოს მოხმარების პრობლემა გაცილებით მწვავედ დგას საფრანგეთში (28.6%), ესტონეთში (29%), ლატვიაში (34%) და სხვა ქვეყნებში. საბერძნეთში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეოების 41%-ს აღემატება. საქართველოში ეს მაჩვენებელი 28%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები