თაღლითობა

შსს: საფონდო ბირჟაზე თაღლითობისთვის "ეფიქს ბიზნეს გრუპის" დამფუძნებლები დავაკავეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 50 მოქალაქის მოტყუებისა და ნახევარ მილიონ ლარამდე თანხის მითვისებისთვის საბროკერო კომპანია "ეფიქს ბიზნეს გრუპის" დამფუძნებლები დააკავა. 

"ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს "ეფიქს ბიზნეს გრუპი", რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.

დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგაც, ხელოვნური მანიპულირებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და  ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე  მუხლებით, რაც 7-დან  10 წლამდე   ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერია სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

წაიკითხეთ - როგორ ამოიცნოთ ფინანსური პირამიდა

კომენტარები