კრიმინალი

POG: ბათუმისკენ მიმავალი X5 ფერადი ციმციმების გამოყენებით გააჩერეს და 140 000$-ით დააყაჩაღეს

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა ორ პირს, რომლებმაც 2017 წლის ნოემბერში ბათუმისკენ მიმავალი მანქანა ფერადი ციმციმებისა და ხმამაღალი მოლაპარაკის გამოყენებით გააჩერეს და დააყაჩაღეს.

​უწყების ცნობითვე, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ჰ.ა-მ, რ.ა-მ და მათმა თანმხლებმა სამმა პირმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით, ყაჩაღური თავდასხმის განზრახვით შეაჩერეს ბათუმის მიმართულებით მიმავალი "ბე-ემ-ვე - X5" მოდელის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა.მ. და მისი ბიძა - ნ.მ.

"ჰ.ა-მ და რ.ა-მ, თანამზრახველებთან ერთად, პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.მ. ჩასვეს "ტოიოტა - ლენდკრუიზერ პრადოს" მოდელის ავტომანქანის უკანა სალონში იატაკზე, ხოლო ნ.მ. გადასვეს "ბე-ემ-ვე-X5" მოდელის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები მიიყვანეს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში. ჰ.ა., რ.ა. და მათი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.მ-ს ხელჩანთაში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ნ.მ-ს ზურგჩანთას და მასში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ამ უკანასკნელთა კუთვნილ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, ა.მ-ს კუთვნილ 700 ლარს, 200 აშშ დოლარს, 40 თურქულ ლირას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირად ნივთებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ დამნაშავეები გატაცებულ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ისინი იმავე წლის 2 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში დააკავეს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ყაჩაღური გზით გატაცებული თანხაც ამოიღეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ყაჩაღობის ჩადენასა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ბრალდებით დაკავებულ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ 9 - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

კომენტარები