ჯონ მაკკეინი

მტერი მოკვდა - რუსი პოლიტიკოსების რეაქციები ჯონ მაკკეინის გარდაცვალებაზე

სენატორი ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინს და რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებდა, მათ შორის საქართველოში შემოჭრის გამოც. 

რუსმა პოლიტიკოსებმა მაკკეინის გარდაცვალება "მტრის სიკვდილად" შეაფასეს. 

ოლეგ მოროზოვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის წევრი:

"მტერი მოკვდა. დაე, ღმერთმა მიიღოს მისი ბნელი სული და განსაზღვროს მისი მომავალი. ის კარგი იყო რუსეთის მიმართ სიძულვილში, მაკკეინი  იყო თანამედროვე ანტი-რუსული აზროვნების სიმბოლო. მიეცით მას ჯილდო გულწრფელი მტრობის, სიძულვილისა და შეურიგებლობისთვის. სხვები ორმაგ თამაშს თამაშობენ. მან თქვა, რასაც ფიქრობდა"..

მარგარიტა სიმონიანი, კრემლის მხარდამჭერი მედიის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი: 

"როგორც კარგი ქრისტიანი, ჩემი სამშობლოს ყველა სტაბილურ მტერს მშვიდობას და სიმშვიდეს ვუსურვებ, სიკვდილის შემდეგ, რა თქმა უნდა".

რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის პრეზიდენტი:

"ის ამერიკელი პოლიტიკოსებისგან გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ მისი აუხსნელი და გაუგებარი ბრაზის გამო. მას რუსეთის არსებობის ფაქტიც არ მოსწონდა".

გენერალი ვლადიმირ ხაბაროვი, რუსეთის ფერედაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: 

"მაკკეინი ყოველთვის იყო ამერიკის პატრიოტი. თუმცა, სამწუხაროდ, "ვიეტნამის სინდრომმა" მის ცხოვრებას დაღი დაასვა. ის გასული ათწლეულების განმავლობაში გაცხადებული რუსოფობი იყო. მას არა მხოლოდ უბრალოდ არ მოსწონდა ჩვენი ქვეყანა, არამედ სძულდა. მშვიდად განისვენოს". 

კონსტანტინ კოსაჩევი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: 

"მისი ერთადერთი იდეოლოგია იყო "დაიცვას თავისი და თავს დაესხას სხვებს", რომელშიც ერთადერთი კრიტერიუმი იყო ამერიკის და ამერიკელი ხალხის მიმართ ერთგულება, ხოლო მშვიდობა, სიკეთე და სამართლიანობა კრიტერიუმები არ ყოფილა. 

ამ თვალსაზრისით, მაკკეინი ასახავდა იმ ეპოქას, რომელშიც ის გაიზარდა და პოლიტიკოსი გახდა. ეპოქაში, რომელშიც მსოფლიო გაიყო "ჩვენად" და "მათად", ცივი ომის ეპოქაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იყო და დარჩა მისი პრინციპული მტერი". 

საქართველოს მეგობარი, სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 26 აგვისტოს გარდაიცვალა. ​

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

რამდენიმე დღის წინ მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

ამერიკელი სენატორი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენდა. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი, თუმცა, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მაკკეინი ბოლო დრომდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და მუდმივად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის პოლიტიკას. 

მაკკეინი საქართველოს მეგობარი იყო. ის მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო საზოგადოებაში და ამასთან რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

2017 წლის 1-2 იანვარს ის საქართველოშიც ჩამოვიდა. მაშინ მაკკეინმა თქვა, რომ "ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და დამოუკიდებელი გახდება". 

მაკკეინი საქართველოს მხარდაჭერას 2008 წელს, რუსეთის თავდასხმის დროსაც გამოხატავდა. 

"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ", - თქვა მან 2008 წლის 12 აგვისტოს. 

კომენტარები