გურამ კაშია

გურამ კაშიამ ფეისბუქის გვერდი გააუქმა

UEFA

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. 

მისი ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მის მიმართ აგრესიას უკავშირდება. 

ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. 

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ UEFA-მ​ გურამ კაშიას ლგბტ თემის უყრევი მხარდაჭერისთვის თანასწორი თამაშის ჯილდო გადასცა. 

"ქართველი გურამ კაშია მიიღებს Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდოს ლგბტ თემის ურყევი მხარდაჭერისთვის", - წერს უეფა. 

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის ოფიციალურ საიტზე წერია: 

"UEFA-მ გადაწყვიტა, #EqualGame-ის პრიზით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გურამ კაშია დააჯილდოვოს

ეს ჯილდო გულისხმობს იმ მოთამაშის აღიარებას, რომელმაც მრავალფეროვნების და ინკლუზიის მხარდაჭერის კუთხით ევროპულ ფეხბურთში დიდი როლი შეასრულა. 

კაშიას ჟესტს - კაპიტნის ლგბტ დროშის სამკლავურის გაკეთებას მის მშობლიურ საქართველოში განსაკუთრებით ნეგატიური და მტრული გამოხმაურება მოჰყვა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვებისკენაც კი მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ კაშიამ ბევრი მუქარა მიიღო, თავისი საქციელი არ ინანა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერას.

უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ სეფრინი ამბობს: მე ვულოცავ გურამს თავის მტკიცე ხასიათს და სიმამაცეს. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის და იმსახურებს ამ ჯილდოს მიღებას". 

გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდოს უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის ცერემონიალზე, მონაკოში, 30 აგვისტოს გადასცემენ. 

კომენტარები