ხორავას ქუჩის საქმე

ხორავას ქუჩის საქმე - N1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა. მისი გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება. სწორედ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.

ხათუნა ბარაბაძის თქმით, ეს არის "მორალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება". მან აღნიშნა, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს გადადგომის თხოვნით ორჯერ მიმართა, თუმცა, თებერვალში მისი განცხადება არ დააკმაყოფილეს.

------------------------

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები.  

კომისიის წინასწარი დასკვნის მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის ფიგურანტების იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს, ამასთან დაფარულიყო მ.კ.-ს და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში. კომისიის მიერ გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე - მიეჩქმალათ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში და იგი ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, რომელსაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობა.

კომიიის დასკვნით, ასევე, აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მ.კ., ა.ს. და სხვა ფიგურანტები.

კომისიის გამოვლენილ დარღვევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ:

  • გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;
  • გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მ.კ.-ს მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;
  • გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება - მ.კ.-ს მიერ ჩხუბის დროს ე.წ. "ტარის“ ქონა, და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.

საგამოძიებო კომისიის წინასწარ დასკვნას არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

კომენტარები