ტურიზმი

საქართველო მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების ათეულშია

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ანგარიშის მიხედვით, საქართველო 2017 წელს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების ათეულში შევიდა. 

UNWTO-ს მონაცემებით, 2017 წელს 1.3-მა მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა საზღვარგარეთ, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. გლობალური ტურისტული სექტორის შემოსავალმა კი 5%-ით მოიმატა და $1.3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

2017 წელს საქართველოს საზღვარი სულ 7.5-მა მილიონმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, აქედან ტურისტი 3.4 მილიონი იყო, რაც 2016 წელთან შედარებით 27.9%-ით მეტია. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ამაზე გაცილებით ნაკლები ზრდა ჰქონდა, ხოლო არაერთ ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა. 

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად მხოლოდ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

UNWTO-ს მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ნაკადის მქონე ქვეყნების/ტერიტორიების რეიტინგი:

  1. ეგვიპტე - ზრდა 55.1%
  2. ტოგო - ზრდა 46.7%
  3. ვიეტნამი - ზრდა 29.1%
  4. საქართველო - ზრდა 27.9%
  5. პალესტინა - ზრდა 25.7%
  6. ნუიე - ზრდა 25.4%
  7. ნეპალი - ზრდა 24.8%
  8. ისრაელი - ზრდა 24.6%
  9. ჩრიდილოეთ მარიანას კუნძულები - ზრდა 24.3%
  10. თურქეთი და ისლანდია (ფრე) - ზრდა 24.1%

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმისგან?

2017 წელს 28%-ით გაიზარდა საქართველოს ტურისტული სექტორის შემოსავალი და მან $2.7 მილიარდს მიაღწია. შედეგად ტურიზმმა ქვეყნის ეკონომიკის 6% დააგენერირა.

ტურისტების რაოდენობასთან ერთად გაიზარდა სასტუმროების რაოდენობაც და მან 2 ათასს გადააჭარბა. სასტუმრო ნომრების საერთო რაოდენობა 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით 23,083-ს შეადგენს, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 48%-ით აღემატება. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ნომერი აჭარაშია, მეორე ადგილზე თბილისა. 

რამდენიად დიდია/მცირეა ეს შემოსავალი? 

საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან შემდეგი ქვეყნების მსგავსია - მალდივის კუნძულები ($2.7 მილიარდი), ბაჰამის კუნძულები ($2.5 მილიარდი), კვიპროსის ($3.1 მილიარდის) სლოვენია ($2.7 მილიარდი) და სხვა ქვეყნები. 

ტურიზმიდან ყველაზე დიდი შემოსავალი - $60.8 მილიარდი საფრანგეთმა მიიღო, რომელსაც გასულ წელს 86.9 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნების შემოსავლები ასეთია:

  • აზერბაიჯანი - $3 მილიარდი, 2.4 მილიონი ტურისტი;
  • სომხეთი - $1.1 მილიარდი, 1.5 მილიონი ტურისტი;
  • რუსეთის ფედერაცია - $8.9 მილიარდი, 24 მილიონი ტურისტი;
  • თურქეთი - $22.4 მილიარდი, 37.6 მილიონი ტურისტი.

ქვეყნები, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს:

  1. საფრანგეთი: 86.9 მლნ;
  2. ესპანეთი: 81.8 მლნ;
  3. აშშ: 75.9 მლნ;
  4. ჩინეთი: 60.7 მლნ;
  5. იტალია: 58.3 მლნ;
  6. მექსიკა: 39.3 მლნ;
  7. დიდი ბრიტანეთი: 37.7 მლნ;
  8. თურქეთი: 37.6 მლნ;
  9. გერმანია: 37.5 მლნ;
  10. ტაილანდი: 35.4 მლნ.

გლობალურმა ტურიზმს განვითარების ტემპი 2010 წლის შემდგომ დაჩქარდა. მას შემდგომ მოგზაურთა რაოდენობა 500 მილიონით გაიზარდა. 

2018 წლის ტურიზმის სტატისტიკაზე წაიკითხეთ უფრო ვრცლად ბმულზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები