მარიხუანა

შსს: მარიხუანას მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის იკრძალება

cheatsheet.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. დასაბუთებული განმარტება, თუ რატომ შეირჩა ასაკობრივ ცენზად 21 წელი 18 წლის ნაცვლად მთავრობას ჯერ არ წარუდგენია.

შსს-ს ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების "მავნე ზეგავლენისგან" საზოგადოების, განსაკუთრებით მოზარდების, დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას დღეს წარედგინა, მისი სრული ტექსტი ჯერ არ გასაჯაროვებულა.

უწყების ცნობით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ:

  • იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
  • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული;
  • მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • მარიხუანას მოხმარებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების, ჩამორთმევას;
  • იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას, მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
  • სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას, კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.
  • კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა.

კომენტარები