მარიხუანის ექსპორტი

პრემიერი მარიხუანის კულტივირება-ექსპორტზე: ეს იქნება მკაცრად რეგლამენტირებული

Getty Images

პრემიერმინისტრის მამუა ბახტაძის განცხადებით, ექსპორტზე გასატანად მარიხუანის კულტივირება მკაცრად იქნება რეგლამენტირებული. მისი თქმით, "მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი". მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც მარიხუანის მოხმარების რეგულირებას და სამედიცინო მიზნით მარიხუანის წარმოებას და მის ექსპორტზე გატანას ეხება.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება აკრძალული იქნება ნებისმიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ასევე, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს. გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის.

"რაც შეეხება კანაფის კულტივირებას და წარმოებას ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც ამავე დროს იქნება მკაცრად რეგლამენტირებული" - თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ შსს-ს მომზადებულ კანონპროექტს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

"ჩვენ გვაქვს რისკები გაცნობიერებული, რომ არ შეიძლება კულტივაცია ზოგადად ამ მცენარის და ამ ნივთიერების, რომ იყოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტუილება, რომ აუცილებლად მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს ის. ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო, რომ დაგვეზღვია რისკები. თუ კულტივაცია არ იქნება მოქცეული ჩარჩოებში, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს ანუ როცა ვამბობთ, რომ რეგლამენტირება არის აუცილებელი, ამოსავალი წერტილია, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ, ეს ამ შემთხვევაში არის მეორე და მესამეხარისხოვანი, მთავარი გახლავთ ჩვენთვის ის, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მის ჯანმრთელობას.

ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების, არ მოხვდება რაღაც უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების ჯანმრთელობას" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერს ჰკითხეს, აქვთ თუ არა შესწავლილი ბაზარი ან ვინ გასცემს მარიხუანის კულტივაციისთვის საჭირო ლიცენზიას. 

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. როცა ვსაუბრობთ მარიხუანის კულტივიზაციაზე, აქ არ შეიძლება არსებობდეს ნაცრისფერი ზონა საკანონმდებლო ჩარჩოს თვალსაზრისით, ის უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და ის უნდა ეყრდნობოდეს იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს დღეს მსოფლიოში და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ეს გახლავთ ძალიან მკაცრად რეგლამენტირებული. რა თქმა უნდა, ის მეორე საკითხი - ლიცენზია როგორ იქნება ან სხვა ნიუანსები, ჩვენი პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს ძალიან მკაცრად რეგლამენტირებული და ბუნებრივია, როცა მოხდება ამ საკითხის განხილვა, გექნებათ საშუალება, რომ ეს დეტალები და ნიუანსები მოისმინოთ. ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ მკაცრი რეგულაცია უნდა გვქონდეს, როგორც მოხმარების ნაწილში, ამავე დროს, კულტივაციის. უნდა გვქონდეს უმკაცრესი ჩარჩოები, რომ ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ეს არ შეუქმნის რისკებს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას და არ მოხდება ე.წ ნაცრისფერი ზონის შექმნა, სადაც ყოველგვარი რეგულაციების გარეშე მოხდება სხვადასხვა უპახუსისმგებლო ეკონომიკური საქმიანობები" - თქვა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილ მარიხუანას. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა. 

კომენტარები