მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება

სად და ვის აეკრძალება მარიხუანას მოხმარება - შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად", საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. შსს-ს განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სრულიად ახალი სამართლებრივი რეალობა შექმნა.

"სასამართლომ პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარებისთვის არამხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სანქციაც მიიჩნია არაკონსტიტუციურად. ამასთან, სასამართლომ დაუშვა მისი მოხმარების აკრძალვა საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა, დაიცვას მართლწესრიგი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მათ შორის დაიცვას საზოგადოება მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან იმ დასაშვებ ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუცია და მის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს" - აცხადებს შსს და მიიჩნევს, რომ 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია სჭირდება.

"მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის იმ ლეგიტიმურ ინტერესებს, რომელთა დასაცავად მარიხუანას გარკვეულ გარემოებებში მოხმარების შეზღუდვა თავად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია დასაშვებად. ამასთან, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა აფერხებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ხელს უწყობს მისი მოხმარების წახალისებას" - აღნიშნავს უწყება.

სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში.

"კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანის მოხმარება:

  • საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას;
  • ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • არასრულწლოვნის თანდასწრებით;
  • სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
  • არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).

კანონპროექტის მიხედვით, "საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად", შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება.

"ასევე, კანონპროექტის მიხედვით გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპოლარიზაცია ან რეკლამა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევას და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას" - აცხადებს შსს.

უწყება კანონპროექტს საქართველოს მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.

მარიხუანას მოხმარება ლეგალური 2018 წლის 30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ "მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას". იქამდე, მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელის საფუძველზე ეს მუხლი გააუქმა, შედეგად მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა.

კომენტარები