იბერია

ნატო ჩხეიძე: უარი ვთქვით კორუფციულ გარიგებაზე, ამიტომაა OGT დახურული

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტი

"სწორედ იმიტომ, რომ ეს სქემა ზაზას (ოქუაშვილი) მიერ არ იქნა მიღებული, ზაზას ფაბრიკა, მოდი ასე ვთქვათ, დახურულია ახლა, ხოლო ის ფაბრიკა, სადაც ჩხარტიშვილს აქვს, ის ამუშავებს, ფუნქციონირებს,"- რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს პარტია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძე.

რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და კომპანია "თბილისი თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი საუბრობენ "ომეგა ჯგუფის" გაყოფაზე და მისი აქტივებიდან ახალი ჰოლდინგური კომპანიების ჩამოყალიბებაზე, საიდანაც 25%-25%-იანი წილი "ომეგა ჯგუფის" და "თბილისის თამბაქოს" საკუთრება გახდებოდა, ხოლო 50% კი წავიდოდა ორგანიზაციაში, რომელსაც საუბრის მონაწილეები "ფონდად" მოიხსენიებენ. ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ეს ფონდი სინამდვილეში ქართული ოცნება იქნებოდა. 

"ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, ეს არის რომ უნდა შეხვიდე ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მორევში და ამას ცხადია, ზაზა არ გააკეთებდა და არც გააკეთა, ამიტომ არის, რომ დღეს OGT დახურულია, აღარ მუშაობს, თანამშრომლები ვეღარ არიან იქ, ვერაფერს ვერ აწარმოებენ, ეს არის ამ სქემის მიუღებლობის შედეგი,"- ამბობს ჩხეიძე. 

"ომეგა ჯგუფს" სახელმწიფოს წინაშე 51 მილიონის დავალიანება მართებს. ამ ვალის უდიდესი ნაწილი თამბაქოს მწარმოებელ კომპანია "ოჯთ"-ს უკავშირდება, რომელიც გასული წლების განმავლობაში მის მიერ წარმოებული სიგარეტის აქციზის გადასახადის გადასხდას თავს არიდებდა. 

"ომეგა ჯგუფის" ერთერთი შემადგენელია ტელეკომპანია "იბერია", სწორედ ტელევიზიის წილების გადაფორმების საკითხი იყო წარსულში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების მთავარი საკითხი. სპორტის ყოფილმა მინისტრი და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი ოქუაშვილს "იბერიას" დათმობის და დიდძალი ქრთამის სანაცვლოდ, "ოჯთ"-ის ფინანსური პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა. ყიფიანმა ფარულ ჩანაწერში თქვა, რომ "საქმის მოგვარებისთის" განკუთვნილი ფული უჩა მამაცაშვილისთვის იყო განკუთვნილი.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, დღეს გამოკითხეს ლევან ყიფიანი. 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 სექტემბერს თქვა რომ "ომეგა ჯგუფს" ტელეკომპანიის ფლობა გადასახადებისგან არ ათავისუფლებს. მინისტრთა კაბინეტის წევრთა თქმით, "ომეგა ჯგუფის" განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ გადასახადებისგან თავის არიდებას ემსახურება. 

"იბერია" მთავრობას ზეწოლაში 2018 წლის დასაწყისშიც ადანაშაულებდა, მაშინ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ტელეკომპანია სახელმწიფოს აშანტაჟებდა.

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

ზაზა ოქუაშვილი, ისევე როგორც მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის წევრია. ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წევრია, ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის ერთადერთი დეპუტატია. 

კომენტარები