იბერია

გუშინ უჩა მამაცაშვილმა პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა - დღეს გამოძიება დაიწყო

ipn.ge

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მიერ გავრცელებული სპეციალური განცხადებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გამოძიების მიზეზი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სავარაუდოდ, სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს შორის შემდგად სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გახდა, სადაც ყიფიანი ოქუაშვილს ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ $2 მილიონის ქრთამს სთხოვს და ამბობს, რომ ამ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის არის განკუთვნილი.

მამაცაშვილმა გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ლევან ყიფიანი მისი სახელის ბოროტად გამოყენებით დიდძალი თანხის დაუფლების მცდელობაში დაადანაშაულა. ამავე განცხადებაში მამაცაშვილმა გადაჭარბებული უწოდა მის პოლიტიკურ გავლენას. განცხადებიდან მეორე დღეს პროკურატურამ გამოძიება ზუსტად იმ მიმართულებით დაიწყო, რაზეც მამაცაშვილი აპელირებდა. 

"საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლებას გულისხმობს.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.

ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს,"- წერია პროკურატურის განცხადებაში. 

ამავე ფარულ ჩანაწერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია "იბერიას" დათმობის სანაცვლოდ, "ომეგა ჯგუფზე" დაკისრებული ფინანსური დავალიანების ჩამოწერაში დახმარება შესთავაზა. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონ ლარზე დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს დაგროვილი არის "ომეგა ჯგუფის" შემადგენელი თამბაქოს კომპანია "ოჯთ". მას ბიუჯეტისადმი 51 მილიონ ლარზე მეტი მართებს. 

ტელეკომპანია "იბერიამ" მთავრობა მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. 

2018 წლის 20 თებერვალს ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა განცხადება, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას მთავრობა საფრთხეს უქმნიდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობა "ომეგა ჯგუფს" ფინანსურ პრობლემებს სწორედ იმიტომ უქმნიდა, რომ "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკაზე მოეხდინათ გავლენა. 

2018 წლის 21 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მედიის მიერ გავრცელებული განცხადება ცალსახად სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობას წარმოადგენდა. 

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

ზაზა ოქუაშვილი, ისევე როგორც მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის წევრია. ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წევრია, ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის ერთადერთი დეპუტატია. 

კომენტარები