პატრიოტთა ალიანსი

მარშანია: არ ვიცით, ვინმე თუ შემოგვიერთდება, ეს უკავშირდება მის აღმატულება ქართულ ოცნებას

ტაბულა

იმის გამო, რომ დეპუტატი ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსს ტოვებს, პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" შესაძლოა, დაიშალოს. თუ ფრაქციას საპარლამენტო უმრავლესობის ან ოპოზიციის რომელიმე დეპუტატი არ შეუერთდება, პატრიოტთა ალიანსის წევრებს "დამოუკიდებელი დეპუტატის" სტატუსით მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება. ამასთან, ადა მარშანია ამბობს, რომ თანამშრომლობის შესაძლებლობას მხოლოდ ქართულ ოცნებასთან განიხილავენ.

"ვინ დავიფიცო, დედა დავიფიცო თუ მამა დავიფიცო? მართლა არ ვიცით, არავინ ჯერ - ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც შეავსებს ჩვენს რიგებს ან არ შეავსებს ჩვენს რიგებს, ეს არის მისი აღმატულება ქართულ ოცნებაზე დაკავშირებული, უნდათ, იზამენ, არ უნდათ, ნუ იზამენ, ჩვენ ფრაქციის გარეშეც, როგორც ვიყავით მებრძოლი ხალხი, ასე გავაგრძელებთ ბრძოლას" - ამბობს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია [სტილი დაცულია].

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პატრიოტთა ალიანსის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, მიზეზებზე პარლამენტის 19 სექტემბრის სესიაზე ისაუბრებს.

"სამომავლო გრძელვადიანი გეგმები ნამდვილად არ მაქვს, ჯერჯერობით არის ის, რომ სესიაზე განვაცხადებ ამას, როგორც წესია და რიგია და იმის მიხედვით, ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი, [ომეგას ირგვლივ] შექმნილმა ვითარებამ და არამარტო ამან, გადამაწყვეტინა ეს" - ამბობს ჩხეიძე.

"პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, დეპუტატის გადაწყვეტილების შესახებ რუსთავი ორიდან გაიგო.

"მე მასთან არ მქონია შეხვედრა, რომ გვესაუბრა ამ თემებზე, ეს ინფორმაცია გავიგე პირდაპირ რუსთავი ორიდან. ასევე, ომეგას ირგვლივ განვითარებული პროცესების შესახებ გავიგე თქვენსავით რუსთავი ორის ეთერიდან. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს არის ერთერთი მიზეზი, რომ სათანადო მხარდაჭერა, თითქოს მას პარტიის მხრიდან არ ჰქონდა. ჩვენ მას შევთავაზეთ, ერთად დავმსხდარიყავით და ერთად შეგვედგინა ტექსტი, სამწუხაროდ, ქალბატონი ნატო ჩხეიძე აღარ პასუხობდა ჩვენს ზარებს, მე გუშინაც ვუკავშირდებოდი მას, sms-იც გავუგზავნე, მაგრამ არ მიპასუხა, სამაგიეროდ, მიპასუხა რუსთავი ორის ეთერიდან და სწორედ რუსთავი ორიდან გავიგე, რომ ქალბატონი ნატო ჩხეიძე ტოვებს ჩვენი პარტიის რიგებს" - ამბობს ინაშვილი.

გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და კომპანია "თბილისი თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი საუბრობენ "ომეგა ჯგუფის" გაყოფასა და მისი აქტივებიდან ახალი ჰოლდინგური კომპანიების ჩამოყალიბებაზე, საიდანაც 25%-25%-იანი წილი "ომეგა ჯგუფის" და "თბილისის თამბაქოს" საკუთრება გახდებოდა, ხოლო 50% კი წავიდოდა ორგანიზაციაში, რომელსაც საუბრის მონაწილეები "ფონდად" მოიხსენიებენ. ზაზა ოქუაშვილის ცოლის და პატრიოტთა ალიანსის უკვე ყოფილი დეპუტატის ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ეს ფონდი სინამდვილეში ქართული ოცნება იქნებოდა. 

"ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, ეს არის, რომ უნდა შეხვიდე ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მორევში და ამას ცხადია, ზაზა არ გააკეთებდა და არც გააკეთა, ამიტომ არის, რომ დღეს OGT დახურულია, აღარ მუშაობს, თანამშრომლები ვეღარ არიან იქ, ვერაფერს ვერ აწარმოებენ, ეს არის ამ სქემის მიუღებლობის შედეგი,"- ამბობს ჩხეიძე. 

"ომეგა ჯგუფს" სახელმწიფოს წინაშე 51 მილიონის დავალიანება მართებს. ამ ვალის უდიდესი ნაწილი თამბაქოს მწარმოებელ კომპანია "ოჯთ"-ს უკავშირდება, რომელიც გასული წლების განმავლობაში მის მიერ წარმოებული სიგარეტის აქციზის გადასახადის გადახდას თავს არიდებდა. 

"ომეგა ჯგუფის" ერთერთი შემადგენელია ტელეკომპანია "იბერია", სწორედ ტელევიზიის წილების გადაფორმების საკითხი იყო წარსულში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების მთავარი საკითხი. სპორტის ყოფილმა მინისტრი და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი ოქუაშვილს "იბერიას" დათმობის და დიდძალი ქრთამის სანაცვლოდ, "ოჯთ"-ის ფინანსური პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა. ყიფიანმა ფარულ ჩანაწერში თქვა, რომ "საქმის მოგვარებისთის" განკუთვნილი ფული უჩა მამაცაშვილისთვის იყო განკუთვნილი.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გუშინ გამოკითხეს ლევან ყიფიანი. 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 სექტემბერს თქვა რომ "ომეგა ჯგუფს" ტელეკომპანიის ფლობა გადასახადებისგან არ ათავისუფლებს. მინისტრთა კაბინეტის წევრთა თქმით, "ომეგა ჯგუფის" განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ გადასახადებისგან თავის არიდებას ემსახურება. 

"იბერია" მთავრობას ზეწოლაში 2018 წლის დასაწყისშიც ადანაშაულებდა, მაშინ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ტელეკომპანია სახელმწიფოს აშანტაჟებდა.

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

კომენტარები