ფიზიკური დაპირისპირება

ქუთაისში ენმ-ის და ოცნების წევრებმა იჩხუბეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო

გიორგი უკლება, ენმ-ის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი
გიორგი უკლება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.. 

უწყება აცხადებს, რომ პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ენმ-ის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, გიორგი უკლებამ დაწერა, რომ ქართული ოცნების წევრებმა მას "რაზბორკა მოუწყვეს".  

ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრის, ალეკო ახალაძის თქმით კი, უკლებამ "თავი შეგნებულად გაულახა". როგორც ახალაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, ​უკლებამ "იმედა საღინაძეს გარეთ გასვლა თავად მოსთხოვა, მისი პროვოცირება მოახდინა და დაიწყო გინება და ხელის ქნევა". 

მისივე თქმით, უკლებამ ​მანამდე ფეისბუქზე შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს აგინებდა.

„თუ ვინმე არის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი, აგინებდა ყველას. ჩვენ მაშინვე ვთხოვეთ მას, რომ მოეხადა ბოდიში, რადგან ეს არ იყო პოლიტიკური კულტურა. მიუხედავად ამისა, ის დღეს მოვიდა და გააკეთა პროვოცირება. სხვათაშორის, იმ ფაქტის მერე, როცა ყველაფერი მორჩა, პირადად შემხვდა უკლება და მითხრა, რომ შენ ასაკოვანი კაცი ხარ, დიდი ხანია პოლიტიკაში ხარ და ზუსტად მიხვდი, რომ მე დღეს შეგნებულად გავილახე თავიო. აი, ეს იყო მისი პროვოცირების მთავარი ქვაკუთხედი," - უთხრა ინტერპრესნიუსს ქუთაისის საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან, ალეკო ახალაძემ.

კომენტარები