ვანო მერაბიშვილის საქმე

კახიძე: მერაბიშვილი ერთადერთია, ვისზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა და მაინც ციხეში რჩება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი პატიმარი, რომელზეც ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა და კვლავ პატიმრობაში რჩება, ვანო მერაბიშვილია.

“როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლითაც დადგინდა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. აღნიშნული დარღვევა ნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მერაბიშვილი პატიმრობაში ჰყავდათ არალეგიტიმური მიზნებით. ეს არის ყველაზე მძიმე დარღვევა ერთ-ერთი კონვენციის, რომელიც დგინდება ძალიან იშვიათად და არის ე.წ პოლიტპატიმრების მუხლი. სხვადასხვა ხელისუფლებები ამ დარღვევას პასუხობენ პატიმრის გათავისუფლებით. სულ ახლახან გათავისუფლდა ილგარ მამადოვი, მანამდე განთავისუფლდა ჯაფაროვი, ტიმოშენკო-ლუცენკოს საქმეებშიც მე-18 მუხლი იყო დარღვეული. ერთადერთი პატიმარი, რომელზეც ეს მუხლი დადგენილია და პატიმრობაში კვლავ რჩება, არის ვანო მერაბიშვილი.” - ამბობს კახიძე.

დეპუტატის თქმით, რამდენიმე დღეში ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხსაც განიხილავენ.

“მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ დარღვევის სიმძიმეს, ყველანაირად ცდილობს, რომ გააჭიანუროს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ დაელოდება მინისტრთა კომიტეტის ამ სხდომას, თავად გადადგას ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასარულებლად" - განაცხადა კახიძემ.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განკარგულების მიხედვით, ვანო მერაბიშვილს მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 4,000 ევრო გადაეცა. ექსპრემიერის ადვოკატის ინფორმაციით, მერაბიშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 2018 წლის თებერვალში მოხდა. მერაბიშვილისთვის ამ თანხის კომპენსაცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

ადვოკატის თქმით, მორალური ზიანის ანაზღაურება არ ნიშნავს, რომ საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება აღასრულა, რადგანაც ამ გადაწყვეტილების აღსრულება ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. 

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2018 წლის 23 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ამ საქმის დაჩქარებული წესით აღსრულების შესახებ. 

როგორც წესი, მინისტრთა კომიტეტი საქმეების სტანდარტული წესით აღსრულების გადაწყვეტილებას იღებს. დაჩქარებული აღსრულების წესს ირჩევენ მხოლოდ მაშინ, როდესაც - სასწრაფოდ მისაღებია ინდივიდუალური ზომები და საქმე გვაქვს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებთან.

აქვე შეგახსენებთ, რომ ადვოკატების ინფორმაცით, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური კი უარყოფს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. მათ პაციენტის დიაგნოზიც გაასაჯაროვეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები