საპრეზიდენტო არჩევნები

ზურაბიშვილი: კანაფის არა, ნარკოტიკებზე საინფორმაციო კამპანიის დედოფალი ვიქნები

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

"არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ" - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ურეკში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"მე ვისაუბრე ჩემი პოზიციების შესახებ ნარკოტიკებზე. რომ აქაც დისკრედიტაციაა, არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რამდენად საფრთხეს წარმოადგენს თავიანთი ჯანმრთელობისთვის ნარკოტიკები.“ - თქვა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან.

„რელიგიურ შეხედულებებზე და საერთოდ, შეხედულებებზე საარჩევნო კამპანიაში არ საუბრობენ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ იმ დისკრედიტაციის კამპანიას, რომელიც ეხება, რომ მე თურმე არ ვარ მართლმადიდებელი, ვუპასუხებ, რომ ჩემს ოჯახში ნიკო ნიკოლაძიდან დაწყებული, მამაჩემის გაგრძელებით და დღეს ჩემი ძმაც არის მრევლის ნაწილი, მე ვარ, ვიქნები და ჩემი შვილებიც არიან მართლმადიდებლები.“ - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი. 

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა პრეზიდენტობის კანდიდატი, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ "არ იცის, ის პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება". 

იაკობის უკმაყოფილება ზურაბიშვილის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია - პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა: "ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში მე ვიქნები". ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახალი კანონი მისაღებია, მაგრამ რეგულაციები აუცილებელია.

კომენტარები