დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: ადრეც იყო მინიშნებები, რომ რაღაც ჯგუფი ბიზნესში არასწორი ჩარევისთვის ემზადება

imedinews

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნეს წრეებში არასწორი ჩარევის ან "ტენდერებთან დაკავშირებით რაღაცების" შესახებ სმენია.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ტაბულამ მას ჰკითხა, იცოდა თუ არა "ომეგა ჯგუფის" საქმე ან ბიზნესზე ზეწოლის სხვა შემთხვევები ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

"კონკრეტული და დეტალური, მსგავსი მტკიცებულებებით თუ მონაყოლებით და ინტერვიუებით გამაგრებული შემთხვევა მე არ მახსენდება. იყო გარკვეული მინიშნებები, რომ გარკვეული ჯგუფი ემზადება ბიზნეს წრეებში არასწორი ჩარევებისთვის და ა.შ., ან საჯარო სექტორში ტენდერებთან დაკავშირებით რაღაცებისთვის. სწორედ ამ ვითარებაში მოხდა პრემიერმინისტრის შეცვლა. კვირიკაშვილი მოვიდა სწორედ იმ მიზნით და განზრახვით, რომ თუ სადმე მსგავსი შეინიშნებოდა, ეს ყველაფერი მოგვარებულიყო", - ამბობს უსუფაშვილი.

კითხვას, ვინ იყო ამ ჯგუფში და მათ შორის იყო თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, დავით უსუფაშვილი ასე პასუხობს:

"ეს უკავშირდებოდა იმდროინდელი მთავრობის წევრებს, ეს იყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თუ არ ვცდები, გზები და ასეთი დეპარტამენტები. მაგრამ კონკრეტულად რომ ვინმემ ვინმეს რამე წაართვა, შეაწერა, გადაახდევინა და ა.შ., მსგავსი ფაქტი ჩემამდე არ მოსულა", - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, ბიზნესმენებს ხელისუფლებასთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდათ "ძველი უსამართლობის კვალის გასასწორებლად", მაგრამ სანაცვლოდ წილში ჩაჯდომის შემთხვევები არ ახსენდება.

"იყო პროცესი, როცა სხვადასხვა ბიზნესმენი ხელისუფლებასთან, პროკურატურასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ინტენსიურ კონტაქტში იყვნენ ძველი უსამართლობების კვალის გასასწორებლად. ომეგას საქმეშიც ვხედავთ, რომ ურთიერთობის საფუძველი თუ საწყისი იყო 2004-2005 წლებში წართმეული ქონების თაობაზე საუბრები. ასეთ საკითხებში, რა თქმა უნდა, საუბრების და საკითხის გარკვევის გარეშე წინსვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ სანაცვლოდ ვინმეს რამე მოეთხოვა ან გადაეხადა, ან წილში ჩაჯდომა, მე არ მახსენდება", - ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

გუშინ, 30 სექტემბერს, რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ დახმარების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილმა მას 4 მილიონის გადახდა მოსთხოვა. მისივე ინფორმაციით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. ოქუაშვილის თქმით, ეს მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

ზაზა ოქუაშვილი იხსენებს, რომ ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა, გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და მას მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი, როდესაც ივანიშვილმა ამის შესახებ კვირიკაშვილისგან შეიტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა.

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ. მათგან ერთერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ქრთამის გადახდას ავალდებულებს და ახსენებს, რომ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

კომენტარები