ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილის ადვოკატი: იმედია სრულად გამოიკვლევენ და დიაგნოზს მაინც გვეტყვიან

news.ge

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

მერაბიშვილის ადვოკატის ცნობით, ყოფილი პრემიერისთვის დიაგნოზი ჯერ კიდევ არ დასმულა. მისი თქმით, დღეს პაციენტს სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი მოინახულებს და ჩატარდება ახალი სრულყოფილი კვლევა - "დღემდე არ არის დადგენილი დიაგნოზი, შესაბამისად არ ხდება მისი მკურნალობა, ვესაუბრე მთავარ ექიმსა და გენერალურ დირექტორს, მათ მითხრეს, რომ დღეს პაციენტთან შევა სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი და მოხდება სრულყოფილი ახალი კვლევის ჩატარება, ვინაიდან ჰორნერის სინდრომთან დაკავშირებით არ არის დადგენილი რამ გამოიწვია ეს სინდრომი," - თქვა ყოფილი პრემიერის ადვოკატმა.

მერაბიშვილის უფლებადამცველის თქმით, მოთხოვნის მიუხედავად მათ არ გადაცემიათ წინა კვლევის პასუხები. იგი იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე მიაწვდიან ავერსის კლინიკაში ჩატარებულ კვლევის შედეგებს, რათა გადააგზავნონ უცხოეთში გადასამოწმებლად და ამჟამად მაინც მოხდება პაციენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობის სრული გამოკვლევა და დიაგნოზის დადგენა - "ჩვენ სამწუხაროდ არ გადმოგვცემია წინა კვლევების პასუხები და არ მოგვეცა შესაძლებლობა გადაგვეგზავნა უცხოეთში ეს კვლევები, იმედს ვიტოვებთ, რომ დღის ბოლომდე მოგვაწვდიან ავერსის კლინიკაში ჩატარებული კვლევების პასუხებს და ასევე ვიმედოვნებთ, რომ მერაბიშვილის გაყვანა ამ კლინიკიდან არ მოხდება ისე როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, იმედია სრულად გამოიკვლევენ და მინიმუმ დიაგნოზს მაინც გვეტყვიან რა სჭირს ადამიანს," - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას მერაბიშვილის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ყოფილი პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე გააკეთეს განცხადება და არ გამორიცხეს მისი მიზანმიმართული ინტოქსიკაცია. საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული გამოკვლევები და მისი დიაგნოზებიც. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ მერაბიშვილი იმ სტანდარტის მკურნალობას იღებს, რასაც სხვა მსჯავრდებულები და განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს.

გარდა ამისა, ამ თემაზე გუშინ, 1 ოქტომბერს ისაუბრა იუსტიციის მინისტრმაც და თქვა, რომ ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმრის კლინიკაში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ის მძიმედაა. წულუკიანის თქმითვე, როცა ვანო მერაბიშვილმა სამედიცინო პერსონალთან აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მას ყველა ტიპის კონსულტაცია დროულად ჩაუტარდა.

კომენტარები