პრემიერი: თავისუფალი მედიის და საგადასახადო საკითხების დაკავშირება უპასუხისმგებლობაა

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, მედიის და საგადასახადო საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება "სრული უპასუხისმგებლობაა". პრემიერი ომეგა ჯგუფისა და ტელეკომპანია იბერიის საქმეს დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. 

"მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ე.წ ჩანაწერებში, აქვთ უფლება და საშუალება, საგამოძიებო ორგანოებს, ისევე როგორც საზოგადოებას, მიაწოდონ სრული ინფორმაცია. ასევე, მე გავაკეთე კომენტარი უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომელიც უკავშირდება იმ საკითხს, რომ ცდილობენ დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი. ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა და ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია. შესაბამისად, ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება სრული უპასუხისმგებლობაა" - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიდგომა არის და იქნება "ძალიან მეგობრული" ყველა იმ მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის.

"ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და ბუნებრივია, როცა საქმე შეეხებოდა საგადასახადო დავალიანებას, შემოსავლების სამსახური ამ პრინციპით მოქმედებდა - კომპანიას თუ აქვს გარკვეული ობიექტური პრობლემები გადასახადების გადასახადასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები ამა თუ იმ სექტორში, მაგრამ პარალელურად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანება უნდა დაფაროს.

მსგავსი ნაბიჯი თერთმეტჯერ გადადგა შემოსავლების სამსახურმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დამოკიდებულებას და ზოგადად ქართული ბიზნესთან ჩვენი მთავრობის ურთიერთობის ფილოსოფიას. თვითონ საგადასახადო დავალიანების მასშტაბს რაც შეეხება, ეს არის უპრეცედენტო, ძალიან დიდ, 50 მლნ-ზე მეტ თანხაზეა საუბარი. რაც შეეხება იმას, სასტარტო ეტაპზე რატომ დაგროვდა თანხა ასე მასშტაბურად, ამაზე უნდა არსებობდეს ობიექტური ინფორმაცია და საზოგადოებას მიეწოდოს.

მეგობრული მიდგომა არის ნებისმიერი ქართველი დამსაქმებლის მიმართ, თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში მეწარმეს, რომლის მიმართაც, შემოსავლების სამსახური ახორციელებს ისეთ პოლიტკას, რომ არ ეძლევა მეწარმეს საშუალება, დაფაროს გარკვეული გრაფიკით ან გარკვეული ვადით საგადასახადო დავალიანება ისე, რომ არ შეექმნას პრობლემები სამუშაო ადგილებს" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი, გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

ამის გარდა, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის თქმით, ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ზაზა ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუყვა ამის შესახებ. შემდგომში კი, როცა ივანიშვილმა ეს ინფორმაცია კვირიკაშვილისგან გაიგო, მან ოთარ ფარცხალაძის ხელით ლევან ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა. 

გუშინ რუსთავი 2-მა კიდევ ორი აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ერთში, სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ყოფილ პროკურორს შეაგინა, თავად ექსმინისტრი კი, საუბრის მიხედვით, სისხლიანია. მეორე ჩანაწერში 4 მილიონზეა საუბარი, რომელიც ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, მას ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით გადაარიცხვინა. ჩანაწერის მიხედვით, თანხის გადარიცხვის დასაჩქარებლად TBC ბანკში მაშინდელმა ბიზნეომბუდსმენმა გიორგი გახარიამაც დარეკა.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

კომენტარები