ფონდ იავნანას საქმე

პაატა ბურჭულაძის ცოლი "იავნანას" საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

მთავარ პროკურატურაში ფონდ "იავნანას" ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის ცოლი, ანგელა ვასილენკო მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ანგელა ვასილენკო საგამოძიებო ორგანოში დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ საქმეს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ფონდ "იავნანას" დიდი ოდენობით თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს სწავლობს.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის ცოლი 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა "მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა".

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება 2017 წლის 20 სექტემბერს დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად დაედო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადება, რომლის მიხედვითაც, "იავნანას" ხელმძღვანელი პირებმა, შესაძლოა, საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხები არამიზნობრივად დახარჯეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

საგამოძიებო ფილმი, რის საფუძველზეც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" პროკურატურას მიმართა, POSTV-მ გაავრცელა. ფილმის ავტორების მტკიცებით, პაატა ბურჭულაძე და ფონდის წარმომადგენლები ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

კომენტარები