თეა წულუკიანი

წულუკიანი: ეს 13 NGO რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან და მზად ვართ დავარეგისტრიროთ 

0 კომენტარი
თეა წულუკიანი ფოტო: ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმ 13 არასამთავრობო ორგანიზაციას აკრიტიკებს, რომლებმაც "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. 

თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციებს პოლიტიკური ინტერესი აქვთ და რეალურად პოლიტიკური პარტიებიც არიან. 

"ეს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია არა მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, არამედ ისინი რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან. შესაბამისად, თუ მათ აქვთ პოლიტიკური ამბიციები და როგორც ჩანს ეს აქვთ, ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად ფორმალურადაც. ამისთვის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში არსებობს პოლიტიკურ პარტიათა რეესტრი და ჩვენ მზად ვართ ისინი პოლიტიკურ პარტიებად დავარეგისტრიროთ",- ამბობს წულუკიანი. 

მისივე თქმით, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა არსებობს, რომლებიც აკეთებენ  სახელმწიფოებრივ და სამოქალაქო საქმეს.

"ხოლო ის 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, დამნაშავედ აცხადებს უდანაშაულო ადამიანებს, როდესაც განაჩენი არ არის გამოტანილი. ეს ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტებს არაფრად აგდებენ და მათთვის მთავარია მათი გულშემატკივარი პოლიტიკური პარტიები რას იტყვიან, რათა მერე მათ დაკრულზე აცეკვდნენ, ეს არის მიუღებელი და ჩრდილს აყენებს მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში სადაც ათეულობით ღირსეული, ნაკლები რესურსის მქონე ადამიანები შრომობენ. მათ შორის ბავშვების უფლებებისთვის, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის",- ამბობს იუსტიციის მინისტრი. 

მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა და მათ მიკერძოებული უწოდა

NGO-ებმა ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნის მმართველობის სისტემაში ელიტური კორუფციის ნიშნებია, რაც არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიანიშნეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები