ლევან ყიფიანის საქმე

ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პროკურატურაში განცხადება ზაზა ოქუაშვილის მხრიდან ლევან ყიფიანის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად მითვისებას შეეხება, მეორე, სამოქალაქო სარჩელი კი ლევან ყოფიანის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. 

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ პროკურატურასა და სასამართლოში ეს განცხადებები მომდევნო კვირას შევა და ყიფიანიც ჟურნალისტების კითხვებს სწორედ ამის შემდეგ უპასუხებს. 

ვინაიდან ეს დოკუმენტები ჯერ მზად არ არის, ბატონ ლევან ყიფიანს ვთხოვე, თავი შეეკავებინა დღეს ყოველგვარი პრესკონფერენციებისგან. მას შემდეგ, რაც ჩვენ მათ შევიტანთ და ეს იქნება მომდევნო კვირაში, შემდეგ უპასუხებს კითხვებს, რასაც მას დაუსვამენ ჟურნალისტები. 

ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში დაკითხეს. დაკითხვა 5 საათს გრძელდებოდა. დასრულების შემდეგ ყიფიანმა თქვა, რომ დეტალების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრებდა, თუმცა, პრესკონფერენცია გადაიდო. 

ლევან ყიფიანი მესამედ დაკითხეს, პირველად საგამოძიებო უწყებაში ის 17 სექტემბერს იმყოფებოდა. 3 ოქტომბერს ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. გამოძიების კითხვები ტელეკომპანია იბერიას და გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს უკავშირდებოდა. 

ფარულ ჩანაწერებში ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს $2 მილიონს სთხოვს და ამბობს, რომ ამ თანხიდან “1 მილიონი$ ბიუჯეტში წავა, 1 მილიონი კი იმ ხალხთან, ვინც გვემუშავა”, რაშიც, TI-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი იგულისხმება.

ასევე, ყიფიანი ოქუაშვილს სთხოვდა რამდენიმე ძვირადღირებულ მანქანას მოქმედი მაღალჩინოსნებისთვის. 

3 ოქტომბერს, სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ყიფიანმა თქვა, რომ ჩანაწერები გაყალბებულია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები