ჟურნალისტის მკვლელობა

ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანიაში დააკავეს

ბულგარელი ჟურნალისტის, ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანიაში დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს

ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მლადენ მარინოვმა სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დაკავებულია 21 წლის ბულარელი მამაკაცი, რომლის დნმ დანაშაულის ადგილზეა აღმოჩენილი. გარდა ამისა, ეჭვმიტანილის სახლში მოკლული ჟურნალისტის სისხლიანი ტანსაცმელი იპოვეს. 

ეჭვმიტანილი ქალაქ რუსეს მცხოვრებია. მან ბულგარეთი 7 ოქტომბერს დატოვა და ჰამბურგში დედასთან ჩავიდა, სადაც დააკავეს. 

გუშინ ბულგარეთის პოლიციამ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუმინეთის მოქალაქე დააკავა, თუმცა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.

30 წლის ჟურნალისტის ცხედარი შაბათს პარკში იპოვეს. პოლიციის ცნობით, დაკარგულია მისი მობილური ტელეფონი, გასაღები, სათვალე და ტანსაცმლის ნაწილი.

თუმცა, პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მკვლელობის მოტივს მის საქმიანობასთან დააკავშირებდა.

​მარინოვა​ ადგილობრივ ტელევიზიაში TVN პროდიუსერი და წამყვანი იყო. მკვლელობის დროისთვის ის კორუფციულ სქემას იძიებდა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ევროკაშირის ფონდების თანხების არამიზნობრივ განკარგვას ეხებოდა.

 

 

 

 

კომენტარები