კრიმინალი

TDI: საფაროვი სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს, საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს

0 კომენტარი
ფოტო: Reginfo.ge

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრი, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს დანაშაულზე, რომელიც, მათი თქმით, სავარაუდოდ, ჩადენილია ნეონაცისტური ჯგუფის წევრების მიერ.

"ვიტალი საფაროვის საქმე განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ იგი შესაძლოა იყოს ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი პირველი მკვლელობა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელობა სავარაუდოდ ჩადენილია ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით, შსს-მ საქმე უნდა გადააკვალიფიციროს და განზრახ მკვლელობის ნაცვლად, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით გააგრძელოს.

"მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, საქმეს დაუყოვნებლივ მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებას წარუდგინოს გამოძიების დეტალები, დანაშაულის მოტივი და დადასტურების შემთხვევაში, გამოკვეთოს დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის რასობრივი, რელიგიური, ეროვნული და/ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი", - აღნიშნულია TDI-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანთან მდებარე ბარებში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ნეონაცისტური ახალგაზრდული დაჯგუფებები განსაკუთრებით აქტიურობდნენ. TDI-ის თქმით, ბარებში მომუშავე პერსონალი ადასტურებს, რომ მათი აგრესიული და ძალადობრივი ქცევის გამო ხშირად საპატრულო პოლიციაც გამოძახებულა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ამ ფაქტებზე არასაკმარის რეაგირებას ახდენდა.

"ყველა უცხოელის მიმართ აგრესია ჰქონდათ, კასტეტებით, დანებით, რკინის ჯაჭვებით დადიოდნენ და ხალხს აშინებდნენ, ბოთლებს ესროდნენ მანქანებს, ბარმენებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, ჩხუბებს ტეხავდნენ, სიამაყით ყვებოდნენ როგორ სასტიკად სცემდნენ უსახლკარო ადამიანებს ქუჩაში [...] პოლიციას თვალიც არ დაუხამხამებია, არც მაშინ ჰქონდათ რეაქცია ჩემს ყოფილ უფროსს გადამტვრეული ბოთლი რომ დაადო სახეზე და დასახიჩრებით ემუქრებოდა, უბრალოდ სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევდნენ და მშვიდად მიდიოდნენ" - ამბობს ერთ-ერთი მათგანი, TDI-ის ინფორმაციით.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არსებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვის მკვლელი სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი იყო.

"შარშან ზუსტად ამ პერიოდში ამ ბიჭის მკვლელები, პატარა ნაცისტები დადიოდნენ ბარში და რამდენიმე თვის განმავლობაში ლამის ყოველდღე პატრული ან კრიმინალური მოდიოდა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი TDI-სთან.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში სავარაუდო მკვლელის სურათებიც ფიქსირდება, რომელიც დატვირთულია ნაცისტურ-სოციალისტური პარტიის და "შუცშტაფელის(SS)" სიმბოლიკით.

"დანაშაულის ადგილის ირგვლივ მომუშავე ადამიანები მიუთითებენ, რომ კონფლიქტი უკავშირდებოდა ენობრივ და ნაციონალურ საკითხებს. ასევე ყვებიან, რომ გარშემო მყოფი პირები, კონფლიქტამდე, ნეონაცისტურ ჯგუფს გაერიდნენ მათი გამორჩეული აგრესიის გამო", - აღნიშნავენ TDI-ში.

ორგანიზაციაში საუბრობენ იმაზეც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ნეოფაშისტური და ულტრანაციონალისტური ჯგუფები საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან კონკრეტული წარმოშობის, ეროვნებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ 1 თვის წინაც მიმართეს შსს-ს "საქართველოს დარაჯების" საქმეზე და მოუწოდეს მყისიერი რეაგირება მოეხდინა სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებზე.

ვიტალი საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩართულობისა და განვითარების ცენტრში" ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა, რომელიც მკვლელობას ასევე ქსენოფობიურ საფუძვლებს უკავშირებს.

"ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე. როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ჩართულობისა და განვითარების ცენტრი ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად ავრცელებს.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რადგან "ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო".

25 წლის ვიტალი საფაროვი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოკლეს. მას ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. გარდა ამისა, დაჭრეს მისი მეგობარიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნავენ შსს-ში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები