ერთა ლიგა

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი ოფამდე მხოლოდ ლატვიის დამარცხება აკლია

0 კომენტარი
ფოტო: TABULA

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთა ლიგა წარმატებულად დაიწყო და ჯერჯერობით, ასეც გრძელდება. უეფას ახალ ტურნირზე პირველი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, რამაც ქართველ გულშემატკივრებს თავიდანვე დიდი იმედი მისცა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგის პირველ ტურში ყაზახეთი მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხა. რამდენიმე დღეში, ქართველებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე თორნიკე ოქრიაშვილის პენალტით ლატვიას 1:0 მოუგეს. 13 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ანდორა 3:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა. 6 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლით, საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. ვაისის გუნდს 9 ქულა აქვს, უახლოეს მდევრებს 7 ქულით უსწრებს.

უკანასკნელ წლებში, საქართველოს ნაკრებს საკადრო პრობლემები ყოველთვის ჰქონდა. გამონაკლისი არც წელსაა, მაგრამ ვაისმა მოახერხა და შემადგენლობა მეტ-ნაკლებად დააბალანსა. ამჟამად, მეკარე გიორგი ლორია უკლუბოდაა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში შეუცვლელია. მას ერთა ლიგაზე ჯერ გოლი არ გაუშვია. უფრო მეტიც, ლორია ეროვნული ნაკრების კარს მშრალად დაახლოებით 500 წუთია ინახავს.

ხვალ, საქართველოს ეროვნული გუნდი ლატვიას დაუპირისპირდება. ნაკრების დელეგაცია უკვე რიგაშია და მატჩისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისი კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას აპირებდა. სლოვაკი არჩევანს ბუდუ ზივზივაძესა და ვლადიმერ დვალიშვილს შორის აკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ, მან ორივეზე უარი თქვა და ლატვიაში 23-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა.

ანდორასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ვაისმა აღნიშნა, რომ გადაღლილობისა და განსხვავებული მეტოქის გამო, სასტარტო შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. სავარაუდოდ, ვაისი ნაკრების დებიუტანტ ლუკა ზარანდიას შანსს მისცემს და რამდენიმე წუთს მაინც დაუთმობს. ანდორასთან მატჩში ბოლო 20 წუთი ითამაშა ჯანო ანანიძემ, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერ სრულ მზადყოფნაში არაა. შესაბამისად, დიდი შანსია, ის კვლავაც თადარიგში დარჩეს.

სამი მატჩის მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ლატვიაში კიდევ უფრო თავდაჯერებული ჩავიდა. ჯვაროსნების მოტივაცია უდიდესია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ადგილი განაღდებული იქნება. თუ მოვლენები ასე განვითარდება, ვაისს პლეი ოფის მატჩების დაწყებამდე ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად ნოემბერში დარჩენილი ორი მატჩი ექნება.

საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა შეტევის წინა ხაზია. გიორგი ქვილითაიასა და ლევან მჭედლიძეს ტრავმები აქვთ, რის გამოც თამაში ნიკა კაჭარავას უწევს. ვაისი 24 წლის ფორვარდით კმაყოფილი არაა, მაგრამ ამ ეტაპზე, სხვა გამოსავალიც არ აქვს. კაჭარავა ანდორასთან შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრებოდა, მაგრამ მატჩისწინა ვარჯიშზე თორნიკე ოქრიაშვილი დაშავდა და ვაისს მისი დაყენება მოუწია. ოქრიაშვილი ჩვენს გუნდს ვერც ხვალინდელ მატჩში დაეხმარება. გამორიცხული არაა, ვაისმა ლატვიასთან ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაამწესოს ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც ანდორას დუბლი შეუსრულა.

საქართველოს ეროვნული გუნდი ლატვიის ნაკრებს 16 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45-ზე დაუპირისპირდება. როგორც აღვნიშნეთ, 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში, ვაისის გუნდი პირველ ადგილს "გაინაღდებს". ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩები ივნისში ჩატარდება. D ლიგის 4 საუკეთესო კლუბი ერთმანეთთან დაწყვილდება და თითო 1/2-ფინალურ მატჩს ითამაშებს, გამარჯვებულები კი, ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. D ლიგის საუკეთესო კლუბი ევრო 2020-ის პირდაპირ საგზურს მოიპოვებს და საქართველოს ეროვნული ნაკრების საბოლოო მიზანიც სწორედ ესაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები

გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელი

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები