გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი პრემიერს მოუწოდებს, მოიწვიოს მთავრობის სხდომა, რომელსაც თავადაც დაესწრება

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრისას, მთავრობასა და პრემიერმინისტრს მთავრობის სხდომის გამართვისკენ მოუწოდა - "ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისათვის".

მარგველაშვილის თქმით, მთავრობის სხდომაზე იგი გეგმავს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხები წარადგინოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ იგი ფარულ აუდიოჩანაწერებზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ სურს "ეთათბიროს მთავრობას", რადგან საზოგადოება შეშფოთებულია.

"მე არც არასდროს გამიკეთებია და არც მომავალში თვითონ ჩანაწერებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მიმაჩნია, რომ ეს ის სტანდარტია, რომლის შენარჩუნება პრეზიდენტის მიერ მაინც არის კარგი ჩვენი პოლიტიკური დისკუსიისთვის. ამავე დროს იმასთან დაკავშირებით როგორი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების რეაქცია, ამ მიზნისთვის და მათთვის ჩემი შეშფოთების გაზიარების მიზნით, საკითხს ვაყენებ მთავრობის სხდომასთან მიმართებით. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ვეთათბირო ჩვენს მთავრობას" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა შექმნილი ვითარების ადეკვატური შეფასება და შესაბამისი ზომების გატარება - "მე პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი და არც კენჭს ვიყრი, არც კამპანიაში ვმონაწილეობ, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება. არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის".

"არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გარღმავების შემდეგი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით."

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, კანონიერებისა და ქონების უფლების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელდა ფარული აიდიოჩანაწერი, რომელიც რუსთავი 2-ის ცნობით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. მასში მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.

კომენტარები