გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი ჯარს: დებატების მიუხედავად, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა თქვენი მოვალეობაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ქართულ ჯარს მიმართავს. დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, მათი წმინდა მოვალეობაა დაიცვან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ქვეყნის ტერიტორიაზე და დაიცვას სუვერენიტეტი.

"პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ჯარის საკითხი. არსებული კამპანიის მიმდინარეობისას ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ეს თემა. დღეს იმ ადამიანებს მინდა მივმართო ვინც იარაღით ხელში ჩვენს ქვეყანას იცავს, ქართველ ჯარისკაცებს: იცოდეთ, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა, დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოთ მტკიცე თქვენი სიცოცხლის და პროფესიონალიზმის მეშვეობით ჩვენი მოქალაქეების დაცვაში. არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ის უფლება, რაზეც შენდება სახელმწიფო", - მიმართა ჯარისკაცებს პრეზიდენტმა.

​გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა სამხედროებს უთხრა, რომ მათი გმირობა ყოველთვის იქნება დაფასებული და პოლიტიკურმა დებატებმა მათზე არ უნდა იმოქმედოს.

"თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული. ამის თაობაზე კითხვები არ დაისმება. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის და თქვენი თანამებრძოლების მიერ სამშობლოსთვის შეწირული სიცოცხლის. ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს. იცოდეთ, რომ საქართველოსთვის, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც უსამართლო და უსაფუძვლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ და მადლიერნი არიან ამისთვის. ამ ნაწილში მინდა, რომ ეს პოლიტიკური მღელვარება თქვენ არ გადაგედოთ, რადგან თქვენ ხართ ის სიმტკიცე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა და ერი დგას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღეს გამართული ბრიფინგი გიორგი მარგველაშვილმა სწორედ ჯარისკაცებისადმი მიმართვით დაიწყო და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას შემაშფოთებელი ნიშნები დაინახა.

"ვადევნებ რა თვალყურს მიმდინარე მოვლენებს და მაქვს რა მოლოდინი, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს ქვეყნის დემოკრატიის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი - ჩემთვის, შემაშფოთებელი ნიშნები დავინახე, რომლის თაობაზეც, მანამ, სანამ მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ არ ჩავერთო მიმდინარე პოლიტიკურ ბატალიებში, ვერ ვიქნებოდი გაჩერებული", - აღნიშნა მარგველაშვილმა და სწორედ ამის შემდეგ მიმართა ჯარს.

კომენტარები