ფარული აუდიოჩანაწერები

პროკურატურამ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ახალი ჩანაწერი გაასაჯაროვა

საქართველოს მთავარი პროკურატურა აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. 

უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისით თარიღდება და რამდენიმე თვით წინ უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. ეს ჩანაწერი რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ის გლდანის ციხეშია გაკეთებული და მასში ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე მონაწილეობენ. პროკურატურის ცნობით, ეთერში გასული აუდიო 11 ოქტომბრისაა.

მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ პენიტენციური სისტემის თანამშრომელს, ი.პ.-ს ციხეში გაკეთებული სამი აუდიო ჩანაწერი ჰქონდა. ერთერთი სწორედ ის ჩანაწერია, რომელიც რუსთავი 2-მა გაუშვა. კიდევ ერთს კი პროკურატურა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით" ასაჯაროებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას მისი "გაწირვა" აქვს გადაწყვეტილი და ამიტომ ის ყველაფერზე წამსვლელია. მისი თქმით, ის გეგმავს მოიტყუოს ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა, თეთრაძის მკვლელობა," ნავთლუღის სპეცოპერაცია", ე.წ ქურდების და ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე. 

მისი თქმით "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ნებისმიერი თანხა გადაიხადოს "საჭირო" ინფორმაციის სანაცვლოდ

 

14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ჩანაწერში სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ. 

ამ ჩანაწერში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

პროკურატურამ რ2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები