უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ბოტკოველი: მოსკოვის საპატრიარქოს არგუმენტებს შევისწავლით, სინოდი ამ საკითხებზე იმსჯელებს

ტელეკომპანია პირველი,

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეფასებით, სამწუხაროა "ორი მძლავრი ეკლესიის, კონსტანტინოპოლის და რუსეთის საპატრიარქოს დაპირისპირება". მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს არგუმენტებს შეისწავლის. ბოტკოველი ამბობს, რომ წმინდა სინოდი ამ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენს მწუხარებას და გამოვთქვამთ იმედს, რომ სამომავლოდ ეკლესიები გააცნობიერებენ ამ შემთხვევის მნიშვნელობას და იქნებ გამოინახოს გზა, რომელიც ამ ურთიერთობებს სამომავლოდ აღადგენს. 

ეს ძალიან რეზონანსული იქნება და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში სერიოზულ დისონანსს შემოიტანს. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ შემთხვევაში ჩვენ მოვისმინეთ მსოფლიოს საპატრიარქოს განჩინება უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით და მოვისმინეთ რეაქცია მსოფლიო საპატრიარქოსი, რომლებმაც არგუმენტებით გაამყარეს, თუ რატომ არ ეთანხმებიან ისინი მსოფლიო საპატრიარქოს განჩინებას უკრაინასთან მიმართებაში. 

ამიტომ ჩვენ გულდასმით ინდა შევისწავლოთ არგუმენტები, ის რაც დღეს გავრცელდა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან. სავარაუდოდ, იქნება არგუმენტები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდანაც, თუ რის საფუძველზე მოახდინა ის ცვლილება უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განჩინების საფუძველზე. 

სხვა კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ, ეს არის დიდი მასალა, რაც მთავარია, ეს არის კანონიკური სამართლის ნორმები, რომლებიც ძალიან საფუძვლიან, ღრმა გამოკვლევას საჭიროებს. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი იმსჯელებს ამ საკითხებთან დაკავშირებით" - ამბობს ბოტკოველი.

ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა სრულად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან, სასულიერო დასთან და ერისკაცებთან.

"თანაზიარებაში მიღება სქიზმატებისა და სხვა ეკლესიის მიერ ანათემირებული პირების, მთელი მათ მიერ ხელდასხმული "ეპისკოპოსებითა" და "სასულიერო დასით", სხვისი კანონიკური ტერიტორიების მიტაცება, მცდელობა უკან წაიღო საკუთარი ისტორიული გადაწყვეტილებები და მოვალეობები - ყოველივე ამას გაჰყავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კანონიკური ველიდან და ჩვენი დიდი მწუხარების მიუხედავად, შეუძლებელს ხდის ვიყოთ ევქარისტიულ კავშირში მის იერარქებთან, სამღვდელოებასა და ერისკაცებთან", - ნათქვამია განჩინებაში.

კონსტანტინოპოლის ეკლესიას განზრახული აქვს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უბოძოს. წმიდა სინოდმა ამ მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები უკვე გადადგა. აქამდე სქიზმატურად მიჩნეული ეკლესიის მეთაურები, მრევლთან ერთად ეკლესიის წიაღში დაბრუნებულად ცნო, კიევში საკუთარი მმართველობა აღადგინა და მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ტერიტორიაზე კანონგარეშე გამოაცხადა.

გთავაზობთ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა სინოდის 11 ოქტომბრის განჩინებას:

"მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით 2018 წლის 9-11 ოქტომბერს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და განხილვის მიზნით შეიკრიბა წმინდა და სამღვდელო სინოდი.

წმინდა სინოდი გამოწვლილვით და დიდხანს იხილავდა უკრაინის საეკლესიო საქმეს, რომელსაც ესწრებოდნენ ყოვლადსამღვდელო საპატრიარქო ეგზარქოსები უკრაინაში, პამფილელი მთავარეპისკოპოსი დანიელი და ედმონტელი ეპისკოპოსი ილარიონი და ფართო განხილვის შემდგომ განჩინებულ იქნა შემდეგი:

  • დამტკიცდეს მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს განზრახული აქვს უკრაინის ეკლესიას უბოძოს ავტოკეფალია;
  • აღდგენილ იქნეს დღეიდან მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია კიევში, რომელიც ერთ-ერთია უკრაინაში მუდამ არსებული სტავროპიგიებიდან;
  • მიღებულ და შესწავლილ იქნეს ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩისა და მათი მიმდევრების სააპელაციო თხოვნა, რომლებიც სქიზმაში გავიდნენ არა დოგმატურ მიზეზთა გამო. ეს შეესაბამება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკურ უფლებამოსილებებს, რომ განიხილოს ამგვარი მიმართვები ყველა ავტოკეფალური ეკლესიის იერარქთაგან და მღვდელმსახურთაგან. ამრიგად, ზემოხსენებული პირები კანონიკურად აღდგენილ იქნენ მათ საეპისკოპოსო და სამღვდელო ხარისხში, ასევე აღდგენილ იქნეს მათი მრევლის თანაზიარება ეკლესიასთან;
  • გაუქმდეს 1686 წლის სინოდური სიგელის მოქმედება, რომელიც გამოცემულ იქნა იმ დროის გარემოებათა გათვალისწინებით და იკონომიის წესით უფლებას აძლევდა მოსკოვის პატრიარქს, ხელი დაესხა თავისი სასულიერო და საერო პირთაგან შემდგარი კრების მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტისათვის. იგი ვალდებული იყო ყველა ღმრთისმსახურებისას მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი, როგორც თავისი პირველიერარქი და ამით განეცხადებინა და დაემტკიცებინა თავისი კანონიკური მორჩილება კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიასთან;
  • მიემართოს ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა ქონების დაუფლებისგან, აგრეთვე სხვა სახის ძალადობისგან ან შურისძიებისგან, რათა სუფევდეს მშვიდობა და სიყვარული ქრისტესი.

კომენტარები