იბერია TV

ტელეკომპანია "იბერიამ" მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია იბერიამ ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა შეწყვიტა. არხზე შეჩერდა საინფორმაციო, ისევე როგორც საავტორო გადაცემები. "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახტან ხუზმიაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეეწყვიტა. 

"ომეგა ჯგუფის" და "იბერიის" დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ რუსთავი-2ს უთხრა, რომ ხელისუფლებამ იბერიას დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტა და ეს ტელეკომპანიაზე ზეწოლის მცდელობა იყო.

2018 წლის 20 თებერვალს ტელეკომპანია “იბერია” სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებზე ალაპარაკდა. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა მაშინ პირდაპირ ეთერში. თქვა, რომ ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ომეგა ჯგუფი, რომელიც იბერიას დამფუძნებელია. მან ვარაუდი გამოთქვა, რომ "ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით". ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ომეგა ჯგუფს სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 53 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და კომპანია "თბილისი თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი საუბრობენ "ომეგა ჯგუფის" გაყოფასა და მისი აქტივებიდან ახალი ჰოლდინგური კომპანიების ჩამოყალიბებაზე, საიდანაც 25%-25%-იანი წილი "ომეგა ჯგუფის" და "თბილისის თამბაქოს" საკუთრება გახდებოდა, ხოლო 50% კი წავიდოდა ორგანიზაციაში, რომელსაც საუბრის მონაწილეები "ფონდად" მოიხსენიებენ. ზაზა ოქუაშვილის ცოლის და პატრიოტთა ალიანსის უკვე ყოფილი დეპუტატის ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ეს ფონდი სინამდვილეში ქართული ოცნება იქნებოდა. ასევე გავრცელდა სხვა აუდიოჩანაწერებიც, რომლებიც ასევე ეხება ომეგას საქმეს და თამბაქოს ბიზნესში წილების გადანაწილების საკითხს.

ცოტა ხნის წინ "იბერიის" ფეისბუქ ფეიჯმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერია: "ხელისუფლებამ დახურა იბერია." 

კომენტარები