ოჯახში ძალადობა

ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგო თავშესაფარშია, მის ოჯახზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა

www.readersride.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის გოგო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ლამბალოდან გაიტაცეს, ამბობს, რომ ოჯახის შექმნა თავისი სურვილით გადაწყვიტა.

უწყების განმარტებით, არასრულწლოვანმა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მეშვეობით გამოკითხვის დროს თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა იყო მოსალოდნელი. შსს-ში ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ, გოგო გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის წევრის მიმართ კი შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

"გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი - ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან, მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით.

არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად ჰ.მ. გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ამბობენ უწყებაში.

შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ 12 ოქტომბერს სოფელ ლამბალოში 17 წლის ჰ.მ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩატარდა.

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მასთან მუშაობის პროცესში, დაუყოვნებლივ ჩართეს სოციალური მუშაკი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT-ის ფსიქოლოგი, რომლებმაც რეკომენდაცია გასცეს არასრულწლოვნის გამოკითხვის თაობაზე. შსს-ში ამბობენ, რომ არასრულწლოვანს, ასევე, გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც გამოძიების ადგილზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციას 17 წლის შვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ მშობლებმა 12 ოქტომბერს მიმართეს. მათივე თქმით, დანაშაულს გატაცებულის უმცროსი და შეესწრო.

კომენტარები