გირჩი

შსს: პოლიციამ ხვიჩია და მეგრელიშვილი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაიყვანა

facebook

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “გირჩის” წევრები, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ განყოფილებაში გამოძიების ფარგლებში გადაიყვანა.  

"როგორც იცით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს , რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა",- უთხრეს ტაბულას შსს-ში. 

პარტია “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და პარტიის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ დედაენის ბაღიდან ცოტა ხნის წინ წაიყვანა. 

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატის ზურა ჯაფარიძის თქმით, ისინის სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით, გასაჩხრეკად წაიყვანეს. 

"გვითხრეს, ჩხრეკაზე გადაგვყავს და განყოფილებაში უნდა გავჩხრიკოთო. შევთავაზეთ, რომ აქვე შეეძლოთ ჩხრეკა ჩაეტარებინათ, მაგრამ უარი გვითხრეს. ახლაც აქ მოძრაობს დიდი ჯგუფი. სავარაუდოდ, კიდევ მოვლენ და ასე ცალცალკე წაგვიყვანენ ყველას. სანამ ეს მომხდარა, მინდა, იცოდეთ, რომ ფესტივალი ტარდება ჩვეულებრივად. აქ ადამიანები შეიკრიბებიან 4:20-ზე, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მათ შორის ის ხალხიც, ვინც აქ აპირებს მოვიდეს, რაღაცები გაყიდოს, იყიდოს, იმხიარულოს, გაერთოს. მიზანი არის, რომ ფესტივალი შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში“ - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ პირდაპირი ჩართვისას. 

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში პოლიტიკური პარტია გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას აპირებს.

13 ოქტომბერს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. 

უწყებაში ამბობენ, რომ ეს არის დანაშაულის ორგანიზების განზრახვა, სამართალდარღვებისჩადენისკენ მოწოდება და მოქალაქეთა წახალისება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ.

 

კომენტარები