არჩევნები 2018

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა სალომე ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შესწირა

IPN

​ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შესწირა. ოჯახის სამმა წევრმა ზურაბიშვილს კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური თანხა - 60 ათასი ლარი ჩაურიცხა.

შემომწირველებს შორის არიან პატარკაციშვილის დედა და დები - ნათელა პატარკაციშვილი, ნანა პატარკაციშვილი და მზია თოთლაძე.

სამივე მათგანმა სალომე ზურაბიშვილს თანხა 17 ოქტომბერს ჩაურიცხა.

გარდა ამისა, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს 20 ათასი ლარი შესწირა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

ცნობისთვის, 3-დან 16 ოქტომბრამდე პერიოდში მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატმა შემოწირულობა 108 ფიზიკური და ერთი იურიდიული (მედია ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი) პირისგან მიიღო. ამ პერიოდში შემოწირულობებმა ჯამში თითქმის 2 მილიონი (1916026) ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მხოლოდ ოქტომბრის პირველ ცხრა დღეში იმაზე ხუთჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე მთელი სექტემბრის განმავლობაში. შემომწირველებს შორისაა კომპანია RMG Copper-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე, რესტორან "კაცცელების" მფლობელები, "ქართული ოცნებიდან" გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძე. ასევე დედაქალაქის მერი, ბიძინა ივანიშვილის ძმა და ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგები. ზურაბიშვილმა კამპანია "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" ფარგლებშიც მიიღო რამდენიმე პირისგან 30 თეთრი.

გარდა ამისა, 1 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ბანკიდან" 1 მილიონი ლარის სესხი აიღო. სესხის მოთხოვნის მიზეზი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი გახდა. ამ მუხლის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, ზურაბიშვილის სესხს გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.

ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების კანონით განსაზღვრული ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 60,000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი 120,000 ლარია. რეალურად, ივანიშვილის ქართუ ბანკი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელია, მაგრამ რადგან ეს სესხის მეშვეობით ხდება, აღნიშნული კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც კანონი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის სესხების ლიმიტს არ განსაზღვრავს. 

ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს ქართულმა ოცნებამაც. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისესხა. სესხის განაკვეთი 11% იყო

კომენტარები