კორუფცია

საპარტნიორო ფონდის ბენეფიციართა რიგებში ოცნების დეპუტატთან დაკავშირებული კომპანიაც შედის

ტაბულა

2016 წლის 14 ივნისს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ფონდ “საპარტნიორო ფონდსა” და კომპანია “იტონგ კაპიტალს” შორის შეთანხმება გაფორმდა. საპარტნიორო ფონდი ვალდებულებას იღებდა, რომ კომპანიის ქარხნის მშენებლობას 15 მილიონი დოლარით დააფინანსებდა. 

ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია წულაია დღეს პარლამენტის წევრია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მან კენჭი მმართველი პარტიიდან დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში იყარა. იტონგ კავკასუსი სწორედ წულაიას მიერ დაფუძნებული დეველოპერული ჰოლდინგის, არქი ჯგუფის შემადგენელი ნაწილია.

დეპუტატი ამბობს, რომ საპარტნიორო ფონდთან დადებული გარიგება ინტერესთა კონფლიქტის არავითარ ნიშნებს არ შეიცავს, რადგანაც ის იქამდე გაფორმდა, სანამ წულაია დეპუტატი გახდებოდა. 

ილია წულაიას კავშირი კახა კალაძესთან

2015 წელს კალაძემ ილია წულაიას მიერ დაფუძნებული არქი ჯგუფის დახმარებით მრავალსართულიანი კორპუსის აშენების უფლება მოიპოვა. შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე 271 კვადრატული მეტრის ნაკვეთი კალაძემ 2011 წელს შეიძინა. განაშენიანების თავდაპირველი ლიმიტის მიხედვით, ადგილზე 3 სართულზე მაღალი შენობის აშენება არ შეიძლებოდა. 2015 წელს თბილისის არქიტექტურის სამსახურში კახა კალაძის სახელით შევიდა განცხადება ზონალური სტატუსის შეცვლაზე, რათა მიწაზე 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიეღო. ამ განცხადების წარმდგენი არქი ჯგუფის წარმომადგენელი ლაშა ბოკუჩავა იყო. 2015 წლის 30 ივლისს თბილისის ზონალურმა საბჭომ ლიმიტის გაზრდას მხარი არ დაუჭირა. საბჭოს ცხრა წევრიდან რვამ პროექტი უარყოფითად შეაფასა, მიზეზად კი ნაკვეთის სიმცირე დასახელდა. 20 დღის შემდეგ, კალაძის სახელით განაცხადი ხელახლა შევიდა, ახლა ვიცეპრემიერი 10-ის ნაცვლად 8 სართულის ნებართვას ითხოვდა, რაზეც თანხმობა მიიღო. ზონალური ლიმიტის გაზრდისთვის კალაძეს ბიუჯეტის სასარგებლოდ 104 ათასი ლარის გადახდა დაევალა. 2016 წელს კი კალაძემ ეს მიწა არქი ჯგუფს გადაუფორმა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან გარიგებაში 380 ათასი ლარი მიიღო.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს დაფუძნდა და 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაა. მისი აქტივების საერთო ღირებულება 5 მილიარდ ლარამდეა. ფონდის მიზანი ამ აქტივების მომგებიანად მართვა და მიღებული შემოსავლის წარმატებულ საინვესტიციო პროექტებში დაბანდებაა. კანონის მიხედვით, საპარტნიორო ფონდმა უნდა დააფინანსოს მხოლოდ ყველაზე კარგად დასაბუთებული და მომგებიანი ბიზნესგეგმები.

როგორ დააფინანსა საპარტნიორო ფონდმა ყაზახი მილიარდერი ალექსანდრ მაშკევიჩი:

ასევე 2016 წელს საპარტნიორო ფონდმა ამბიციური პროექტი წარადგინა - სახელმწიფო ფულის ჩადებას გეგმავდა საზოგადოებისთვის უცნობ კომპანია - Humanity Georgia-ში. თბილისში უნდა აშენებულიყო მსხვილი ფარმაცევტული საწარმო, რომელიც ქვეყანაში მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა.

მალევე კომპანია Humanity Georgia ბიძინა ივანიშვილის მეგობრის მილიარდერ ალექსანდრ მაშკევიჩის დაფუძნებული აღმოჩნდა. მისი დირექტორის მოადგილე კი - ფონდის თავმჯდომარის, დავით საგანელიძის ძმისშვილი, გიორგი საგანელიძე.

ჰუმანითი ჯორჯია საპარტნიორო ფონდის მიერ 11 მილიონი დოლარით დაფინანსდა, 2015-2016 წლებში ის მედიკამენტების იმპორტს ახდენდა, საბოლოოდ კი ფარმაცევტული საწარმოს აშენების პროექტი გადაიხედა და აღარ განხორციელდა. კომპანია დღეს პრაქტიკულად გამქრალია. 

კომენტარები