არჩევნები 2018

"ქართული ოცნების" კვლევა - შეწონილი შედეგები: ზურაბიშვილი - 54%, ვაშაძე - 18%, ბაქრაძე - 16%

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ე.წ. ალოკაციური კვლევის მეთოდით ჩატარებული შიდა პარტიული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მაჩვენებელი 54%-ია. 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიური მონაცემებით "ძალა ერთობაშიას" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 18%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ევროპული საქართველოს" კანდიდატ დავით ბაქრაძეს კი 16%-იანი. სხვა კანდიდატებს - 12%.

დეპუტატმა ისაუბრა ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობის მხარდაჭერაზეც და განმარტა, რომ აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავენ. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, აქ მხარდაჭერა შემდეგია:

  • სალომე ზურაბიშვილი - 30%
  • გრიგოლ ვაშაძე - 11%
  • დავით ბაქრაძე - 10%
  • სხვა კანდიდატები - 7%
  • არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას - გამოკითხულთა 42%

"როგორც ხედავთ, გასულ კვირაში დაფიქსირდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მცირე ზრდა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მხარდაჭერის მცირე კლება; დაფიქსირდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობის რამდენიმეპროცენტიანი კლება; სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ის იმარჯვებს პირველივე ტურში. მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთ გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს", - თქვა მამუკა მდინარაძემ და ამომრჩეველს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

დეპუტატის ინფორმაციით, კვლევა "ქართული ოცნების" პარტნიორმა ორგანიზაციამ, "ფსიქო პროექტმა" ჩაატარა. მამუკა მდინარაძის თქმით, გამოკითხვა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს, გარდა ოკუპრებული ტერიტორიებისა. გამოიკითხა 2200 რესპონდენტი. დეპუტატის მტკიცებით, კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.

ცნობისთვის, შიდა კვლევა "ქართულმა ოცნებამ" გასულ კვირასაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, შეწონილ შედეგებში სალომე ზურაბიშვილს 53%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, გრიგოლ ვაშაძეს 19%-იანი, დავით ბაქრაძეს კი 17%-იანი. ალოკაციის გარეშე გამოკითხულთა მხარდაჭერა კი შემდეგი იყო: სალომე ზურაბიშვილი - 27%, გრიგოლ ვაშაძე - 10%, დავით ბაქრაძე - 9%.

რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა "ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რომლის შედეგად, უარებისა და გადაუწყვეტელი ხმების ანალიტიკური შეწონვითა გადანაწილებით, მხარდაჭერა ასე გადანაწიდლა:

  • დავით ბაქრაძე - 29%;
  • გრიგოლ ვაშაძე - 28%;
  • სალომე ზურაბიშვილი - 21%; 
  • შალვა ნათელაშვილი - 10%;
  • დავით უსუფაშვილი - 6%;
  • სხვა კანდიდატები - 6%.

გარდა ამისა, რუსთავი 2-ის დაკვეთით კვლევა ჩაატარა ორგანიზაცია Edison Research-მაც. ამ შემთხვევაში, შეწონილი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • გრიგოლ ვაშაძე - 22%.
  • დავით ბაქრაძე - 18%
  • სალომე ზურაბიშვილი - 15%
  • შალვა ნეთალაშვილი - 8%.
  • დავით უსუფაშვილი - 3%.
  • ზურა ჯაფარიძე - 2%.
  • სხვა კანდიდატი - 7%
  • კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა - 25%.

კომენტარები