არჩევნები 2018

BCG-ის კვლევა: ზურაბიშვილი - 33.1%, ბაქრაძე 30.6%, ვაშაძე - 27.1% - შეწონილი შედეგები

0 კომენტარი

კომპანია ბი-სი-ჯი-ს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 16% ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემდა, 14.4% დავით ბაქრაძეს, ხოლო 12.8% - გრიგოლ ვაშაძეს. მას 4%-ით მოსდევს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. კვლევის თანახმად, 34.4%-მა არ იცის/არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ხოლო 8% ამბობს, რომ ბიულეტენში ყველას გადახაზავს.

ანალიტიკური შეწონვით გადანაწილებული რეიტინგის მიხედვით კი, გამოკითხულთა 33.1% სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, 30.6% - დავით ბაქრაძეს, 27.10% - გრიგოლ ვაშაძეს, 4.1% - შალვა ნათელაშვილს, ხოლო 2.5% - დავით უსუფაშვილს.

ამასთან, კითხვაზე, მეორე ტურის შემთხვევაში, ვის დაუჭერენ მხარს ხმას, დავით ბაქრაძის და სალომე ზურაბიშვილს შორის, ევროპული საქართველოს კანდიდატს 42% მისცემდა ხმას, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს - 25.9%.

სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტურის შემთხვევაში, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს 27.2% მისცემდა ხმას, "ძალა ერთობაშიას" კანდიდატს - 39.3%.

ხოლო დავით ბაქრაძესა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტურის არსებობის შემთხვევაში, BCG-ის კვლევის თანახმად, ევროპული საქართველოს კანდიდატს 29.1% მისცემდა ხმას, ხოლო "ძალა ერთობაშიას" კანდიდატს - 25.2%.

ევროპული საქართველოს დაკვეთით, ბი-სი-ჯი კვლევამ წინასაარჩევნო გამოკითხვა 20-24 ოქტომბერს ჩაატარა. რაოფენობრივი კვლევის მეთოდით, საქართველოს მასშტაბით 1508 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხეს. ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

აღსანიშნავია, რომ დღეს "ფსიქომეტრის" ჩატარებული პარტიული შიდა კვლევა ქართულმა ოცნებამ, ხოლო Edison Research-ის ჩატარებული კვლევა რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ე.წ. ალოკაციური კვლევის მეთოდით ჩატარებული შიდა პარტიული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მაჩვენებელი 54%-ია. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ანალოგიური მონაცემებით "ძალა ერთობაშიას" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 18%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ევროპული საქართველოს" კანდიდატ დავით ბაქრაძეს კი 16%-იანი. 

რუსთავი 2-ის დაკვეთით, Edison Research-ის სრული ალოკაციის მიხედვით ჩატარებული კვლევის შედეგებით კი, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 37% ხმას "ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, სალომე ზურაბიშვილს - 32%, ხოლო დავით ბაქრაძეს - 16%;

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები