ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში

ჯონ ბოლტონი: საქართველოსთან ურთიერთობა აშშ-სათვის ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრება

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯონ ბოლტონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

მან შეხვედრები გამართა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ბოლტონის თქმით შეხვედრებზე რეგიონში არსებულ სიტუაციასა და საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

"ჩემი მხრიდან ხაზი გავუსვი, თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველოსთან უერთიერთობა. ჩვენ მას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მოვიაზრებთ აშშ-სათვის საინტერესო რეგიონში მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერები ვართ. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა ამ დროის მანძილზე. პრემიერ მინისტრთან და უშიშროების გუნდთან ერთად ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების გზებზე, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ რეგიონში." თქვა ჯონ ბოლტონმა.

მისივე თქმით აშშ კვლავ მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას და სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას განიხილავს:

"ვფიქრობ არსებობს სხვადასხვა გზები ორმხრივი სამხედრო ურთიერთობების გასაძლიერებლად. ამასთან დაკავშირებით დღეს გვქონდა საუბარი და ვფიქრობ ამაზე ვიმსჯელებთ ვაშინგტონში. ეკონომიკის მხრივ არსებობს შესაძლებლობები საქართველოში აშშ-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების გასაზრდელად. თითქმის ყველა, ვისაც ვესაუბრე ლაპარაკობდა საქართველოს სურვილზე ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-სთან და ვფიქრობ ეს განხილვის ღირსია. ვფიქრობ, სხვადასხვა საკითხებზე, ინფორმაციის გაზიარებაზე და სხვა საკითხებზე, შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ. საფუძველი ძალიან კარგია და ვფიქრობ, NATO-ს აპლიკაციის კურსის მიუხედავად, მე ვიყავი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში და მხარს ვუჭერდით ამას 2008 წლის აპრილამდე და ეს აშშ-ის პოლიტიკად რჩება, უბრალოდ უნდა შევარჩიოთ შესაფერისი დრო ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად." თქვა მან.

შეკითხვაზე აპირებს თუ არა აშშ რუსეთისათვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო სანქციების დაწესებას და განიხილავენ თუ არა საქართველოს საკითხს დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი პარიზში მომდევნო თვეს დაგეგმილ შეხვედრაზე მან უპასუხა:

"2008 წელს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შეჭრის შემდეგ რუსეთს გარკვეული სანქციები დაუწესდა და სხვებიც დაწესდა სხვადასხვა მიზეზებით, ასე რომ, სანქციები არსებობს. პარიზში შეხვედრისას პრეზიდენტები ისაუბრებენ თუ არა საქართველოზე არ ვიცი, მოკლე შეხვედრა იქნება, საფრანგეთის მიერ პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში. ჩვენ მოვიწვიეთ პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტონში და უფრო მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი ამ დროს წამოიწიოს. შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის სამთავრობო კაბინეტის წარმომადგენლებთან განვიხილე რეგიონი და როდესაც პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას ვასრულებდი და ვემშვიდობებოდი მან მითხრა: "აჰ, ესე იგი, სამხრეთ კავკასიაში მიდიხარ." ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამან მიიპყრო მისი ყურადღება."

ჯონ ბოლტონი აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებსაც შეხვდა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ისაუბრა:

"ისინი ფიქრობენ, რომ არის გარკვეული დონით კორუფცია, როგორითაც ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის აშშ-შიც კი, მაგრამ ისინი ამას არ აღიქვამენ სერიოზულ დაბრკოლებად საქართველოში." თქვა ბოლტონმა.

საქართველოში ჩამოსვლამდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ოფიციალური ვიზიტებით რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვია.

კომენტარები