არჩევნები 2018

ცესკო: ერთერთ უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით არაუფლებამოსილი პირი მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაძალადევის ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით არაუფლებემოსილი პირი იმყოფებოდა, დადასტურდა. შედეგად, მან უბანი დატოვა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს მოაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის №74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, რომელიც არ იყო ცესკოს მიერ დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. გადამოწმების შედეგად, აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი", - აღნიშნა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

გარდა ამისა, ანა მიქელაძემ სხვადასხვა უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ თქვა, რომ ახმეტის ოლქში, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, თუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არის რეგისტრირებული 28 ამომრჩეველი, კერძოდ კი, სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები. მათგან 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან უამინდობისა და დაკეტილი გზების გამო ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა.

ცესკო-ს პრესსპიკერი ასევე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გორში 4 საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ანა მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

რაც შეეხება ინფორმაციას სხვა დარღვევებზე, ცესკო-ს პრესსპიკერის თქმით, უწყება მათ გადაამოწმებს. საარჩევნო ადმინისტრაციაში შემდეგი ბრიფინგი 15:30-ზეა ჩანიშნული.

კომენტარები