არჩევნები 2018

უსუფაშვილი: ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება

დავით უსუფაშვილი
Facebook

პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგი გამართა და არჩევნების შედეგებზე ისაუბრა:

"ამ შედეგებმა ბევრი გაახარა, ბევრი აღაშფოთა, მაგრამ საქართველო დააყენა ძალიან მნიშვნელოვან გზის გასაყართა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრაქტიკულად გარდაუვალი სახელისუფლებო ცვლილება მოხდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, კონსტიტუციის ჩარჩოებში და პოლიტიკური პროცესის მეშვეობით." თქვა მან.

დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა საკუთარ ამომრჩევლებს და თქვა, რომ მეორე ტურში პოლიტიკურ მხარდაჭერას არცერთ კანდიდატს არ უცხადებს:

"ვართ ამაყნი, რადგან ვართ, დიახ, 36007, 2.5%, და გვირჩევნია ვიყოთ ასეთი 2.5%, ვიდრე ისეთი 38% ან ასეთი 37%. სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში."

მისივე თქმით რუსთავი 2-ის ეთერში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, თითქოს მან მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა:

"ამის თაობაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია რუსთავი 2-ის ეთერიდან, ამ შემთხვევაში სიცრუის ტელევიზიასთან არ გვქონდა საქმე, აშკარად ჟურნალისტს შეეშალა და ჩემი გვარი ახსენა სხვა პარტიებთან ჩამონათვალში, რომ თითქოს მე მხარი დავუჭირე ვაშაძეს და მან მე მადლობა გადამიხადა. ეს არ შეეფერება სინამდვილეს. აქ აშკარად ჩემი ყოფილი პარტიის, რესპუბლიკელების თემასთან დაკავშირებით წამოცდათ ჩემი გვარი. ამიტომ ყველას მივმართავ ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება, ვინაიდან მე ვერ ვხედავ ვერც ერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს, ხოლო მათ პოლიტიკურ გუნდებში იმ გუნდებს, რომლებსაც საქართველოს მომავალს ვანდობ." თქვა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს (38.64%) და ძალა ერთობაშია-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს (37.74%) შორის გაიმართება. დათვლილია ხმების 99.97%. 

კომენტარები