არჩევნები 2018

პატრიოტთა ალიანსი მეორე ტურში მხარს, სავარაუდოდ, ზურაბიშვილს დაუჭერს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "პატრიოტთა ალიანსმა" მხარი შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. 

პარლამენტის ფრაქცია საქართველოს პატრიოტების თავმჯდომარე, გიორგი ლომაია ამბობს, რომ მათი მიზანი ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების არდაშვებაა.

თუმცა, ინტერპრესნიუსის ცნობით, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება პარტიაში კონსულტაციების შემდეგ გაკეთდება. 

"ვიფიქრებთ და ამის შესახებ მოგახსენებთ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე დარწმუნებული ვარ, ვიღაც რომ დაეყენებინათ, ვიღაც პეტრე ბალანჩივაძე, უფრო მეტ ხმას აიღებდა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი. იმიტომ, რომ სანამ კანდიდატს დააყენებ, ჰკითხე ხალხს, მისაღებია თუ არა ის კანდიდატი ამ საზოგადოებაში. შიდა პრაიმერი ჩაატარე, ან გარე სოციოლოგიური გამოკითხვა და მიხვდები, რომ ადამიანს, რომელსაც 2%-იანი მხარდაჭერაც არ აქვს, არ შეიძლება იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. ამან გამოიწვია ის შედეგი, რომელიც დაიდო.

ლოგიკური ის კი არ იქნება, ჩვენ სალომე ზურაბიშვილს დავუჭერთ თუ არა მხარს კონკრეტულად, ჩვენ ვეცდებით, გადავარჩინოთ ქვეყანა, რომ ქვეყნის სათავეში არ მოვიდეს "ნაცმოძრაობა". ამაზე იქნება გაკეთებული აქცენტი და არა იმაზე, სალომე ზურაბიშვილი იქნება იქ, თუ პეტრე ბალანჩივაძე. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ოღონდ არა "ნაცმოძრაობა", - ამბობს ლომაია ინტერპრესნიუსის ცნობით. 

ცესკოს ცნობით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, "ძალა ერთობაშიას" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%. მათ შორის მეორე ტური შედგება. 

კომენტარები