საბანკო რეგულაციები

სებ-მა სესხების გაცემაზე ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადაავადა

.nbg.gov.ge

იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცლილებები, რომელიც პირველ ნოემბერს უნდა შესულიყო ძალაში, გადავადდა. ამის შესახებ ტაბულას საქართველოს ეროვნულ ბანკში უთხრეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, რეგულაციები მარტივდება და ჯერჯერობით უცნობია როდის შევა ძალაში. 

"რეგულაცია გადავადდა და გამარტივდა, მიმდინარეობს ამ ნაწილის ტექნიკური დამუშავება. გადავადდა ალბათ რამდენიმე დღით და მერე უკვე შევა ძალაში. კონკრეტულად რა მუხლებს შეეხო გამარტივება ამაზე მას შემდეგ ვისაუბრებთ რაც ახალი ვარიანტი გამოქვეყნდება. თუ რატომ შეიცვალა, ამის დეტალურად განხილვები კონკრეტულა ნაწილებთან დაკავშირებით, მას შემდეგ იქნება რაც ცვლილბებეი ძალაში შევა." - უთხრეს ტაბულას ეროვნულ ბანკში. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად უნდა შეცვლილიყო. კობა გვენეტაძის ბრძანების ძალაში შესვლა 1 ნოემბერს იგეგმებოდა. ცვლილება ფიზიკურ პირებს ეხებოდა. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით უწესდებოდა მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აეღო მას. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტის ნაწილი იყო შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ასევე განსაზღვრულია ლიმიტები ჰეჯირებული მსესხებლებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც სესხიც და შემოსავალიც ერთსა და იმავე ვალუტაში აქვს ნომინირებული.

პარალელურად, დგინდებოდა ერთიანი ჭერი თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი - იპოთეკაზე მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი დგინდებოდა, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი შეიძლება იყოს, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

ახალ რეგულაციებს კომერციული ბანკები ეწინააღმდეგებოდნენ.

კომენტარები