რეფორმაციის წლისთავი

დღეს რეფორმაციის იუბილეა - როგორ შეცვალა პროტესტანტულმა რევოლუციამ მსოფლიო?

0 კომენტარი

501 წლის წინ, დღევანდელი გერმანიის პატარა ქალაქ ვიტენბერგში, უცნობი ავგუსტინელი ბერი მარტინ ლუთერი ეკლესიისკენ გაემართა და ტაძრის კარს 95 თეზისი მიაჭედა.

1517 წლის 31 ოქტომბერს ლუთერს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ კათოლიკე ეკლესიის იერარქთა ზოგიერთი პრაქტიკისა და შეხედულების წინააღმდეგ დაწერილი თეზისები, დასავლური ცივილიზაციისა და მსოფლიოს მომავალზე რევოლუციურ გავლენას მოახდენდა.

მამა მარტინს ახალი ეკლესიის დაარსებაც კი არ უცდია, თეზისები კათოლიკე მღვდლის მოსაზრებები იყო, მისივე ეკლესიის ზნეობრივი მდგომარეობის შესახებ, სადაც ის ჯერ კიდევ ექომაგებოდა პაპს - აცხადებდა რა გავრცელებულ მანკიერ პრაქტიკებსა და შეხედულებებს რომის ეპისკოპოსის მითითებების დამახინჯებად. განცხადების კარზე მიჭედება სტანდარტული პროცედურა იყო საუნივერსიტეტო დებატების დასაწყებად, აკადემიური წრისთვის გასაგებ, ლათინურ ენაზე.

თეზისები რამდენიმე დღეში გერმანულად ითარგმნა და ავტორის ძალისხმევის გარეშე, მთელ გერმანიაში გავრცელდა. მცირე ზომის გამო, მათ წაკითხვას დიდი დრო არ სჭირდებოდა, გამრავლება კი სწრაფად და იაფად შეეძლო ყველას.

გაივლის წლები, სანამ ლუთერი საკუთარ შეხედულებებს განავრცობს, ეკლესიიდან განკვეთენ, დაიბადება პროტესტანტული რეფორმაცია, ევროპა დაპირისპირებულ რელიგიურ ბანაკებად გაიყოფა, დაიღვრება სისხლი, დაანთებენ მრავალ კოცონს და გაჩაღდება რელიგიური ომები - ქრისტიანობა კი აღარასდროს იქნება ძველებური.

რეფორმაცია შეცვლის არა მხოლოდ ეკლესიასა და თეოლოგიას - შეცვლის კულტურასაც. ბიბლია მრავალ ენაზე ითარგმნა. მორწმუნეები პირველად შეძლებენ მას საკუთარ ენაზე გაეცნონ.

რეფორმაციის უდიდესი დამსახურება წიგნიერებისა და დაწყებითი განათლების განვითარებაა. პროტესტანტულ ეთიკა მრავალი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ნახტომის განმაპირობებლად იქცა. რელიგიურმა პლურალიზმმა ბიძგი მისცა და საფუძველი დაუდო კონტრრეფორმაციას, გარდაქმნებსა და ცვლილებებს კათოლიკე ეკლესიის შიგნით.

დღეს ქრისტიანობის ყველაზე ახალგაზრდა შტო, ათასობით სხვადასხვა ეკლესიას აერთიანებს. პროტესტანტიზმი სიდიდით მეორე ქრისტიანული მიმდინარეობაა, მსოფლიოს ქრისტიანთა 37% პროტესტანტია, 50% კათოლიკე, მართლმადიდებლები კი ქრისტიანთა 12%-ს შეადგენენ.

500 წლის შემდეგ, ლუთერელებისა და კათოლიკეების ურთიერთობა არაფრით ჰგავს ძველს. შარშან, პაპი ფრანცისკე რეფორმაციის იუბილეს შვედეთში დაესწრო და იმ მრავალ სიკეთეზე ისაუბრა, რომელიც კათოლიკე ეკლესიას რეფორმაციამ მოუტანა.
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები