მკვლელობა პოლონეთში

28 წლის პოლონელი გოგოს მკვლელობის გამო, პოლონეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

სექსუალური მოტივით 28 წლის პოლონელი გოგოს მკვლელობის გამო, საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს და მოკლული ქალის სახელის და გვარის ინიციალებით სანთლები დაანთეს. მათ ამ სახით გამოხატეს თანაგრძნობა დაღუპულის ოჯახის და მეგობრების მიმართ.

პოლონეთის ქალაქ ლოძში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს, 39 წლის მამუკა ხეცურიანს ინტერპოლი მეორე დღეა, ეძებს. 

28 წლის პაულინა დ. 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 26 ოქტომბერს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ქალი ნაცემია. ექსპერტიზის მიხედვით, პაულინა დ. ყელის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბელარუსის მოქალაქე, 44 წლის ქალი და საქართველოს მოქალაქე, 41 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. ბელარუსის მოქალაქეს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვისაც ედება. პროკურატურის მოთხოვნით, მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულს კი, ამ დრომდე ეძებენ. ლოძის პოლიციის ინფორმაციით, მამუკა ხეცურიანმა 21 ოქტომბერს უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და დიდი ალბათობით, ის ამჟამად საქართველოში იმყოფება.

კომენტარები