ზუგდიდის მერის დაკავება

ზუგდიდის ყოფილ მერს და მის მოადგილეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაშა გოგია
smoge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს 
თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის  აღების ფაქტზე, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ 
აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და  გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500  აშშ დოლარი. 

შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი  განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის  მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების  ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი 
ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  11-დან 15 წლამდე ვადით).

ლაშა გოგია ზუგდიდის მერის თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა.

გადადგომამდე ერთი დღით ადრე, 11 სექტემბერს ლაშა გოგია "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმეზე სუს-ში გამოკითხეს. 13 სექტემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ, ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო.

ლაშა გოგია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში 2017 წლის ოქტომბერში მმართველი გუნდის კანდიდატი იყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გამოძიების დაწყების შესახებ, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ "ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია".

კომენტარები